იყო თავისუფალი
როგორ დაეხმარნენ UNDP, ბიოფინი და თბილისის ზოოპარკი დაობლებულ დათვის ბელებს
კოპალა და ჩოფიკა ორი დაობლებული დათვის ბელია, რომლებიც თბილისის ზოოპარკმა შეიფარა. დაუდგრომელი ხასიათისა და სიმამაცის გამო, მათ ქართული მითოლოგიური გმირების სახელები დაარქვეს. მესამე ბელი ზოოპარკში დაზიანებული თათით მოვიდა. დაკოჭლებულ ბელს სახელგანთქმული ბრაზილიელი ფეხბურთელის, გარინჩას, სახელი ერგო.
კოპალაც, ჩოფიკა და გარინჩაც თავისუფალ დათვებად დაიბადნენ და სიცოცხლის პირველი თვეები ბუნებრივ გარემოში გაატარეს. შემდეგ ადამიანის სისასტიკის გამო დაობლდნენ და ტყვეობაში აღმოჩდნენ.
„ამ ასაკის დათვის ბელი ადამიანის ხელში მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხვდება ხოლმე. როდესაც მის დედას კლავენ. ადამიანებ, რომელთაც ასეთი ბელები ტყიდან მოჰყავთ, ძალიან მალე მათი მოვლა აღარ უნდათ და ჩვენ მოგვაბარებენ. მერე იწყება ზღაპრების მოყოლა, როგორ მიდიოდნენ ტყეში და როგორ ნახეს უპატრონო ბელი და ჩვენთან წამოიყვანეს“, – ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
საქართველოში ასეთი რამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. ათწლეულებია უკანონო ნადირობა ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას ანადგურებს და ისეთ უნიკალურ, იშვიათ და გადაშენების პირას მდგომ სახეობებს უქმნის საფრთხეს, როგორიცაა კავკასიური ჯიხვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი და – მურა დათვი.
დათვის ბელები, რომლებთაც ადამიანთან ერთად უწევთ ცხოვრება, ბევრ პრობლემას აწყდებიან. პატარა გარინჩას წოვის რეფლექსი დიდხანს გაჰყვა, მომვლელის ხელს წოვდა და ამით, თითქოს, დედასთან განშორების ტკივილის იოკებდა. ასეთი ტრავმირებული ბელის გაზრდა, რეაბილიტაცია და, მითუმეტეს, ბუნებრივ გარემოში დაბრუნება საკმაოდ რთული საქმეა.
თბილისის ზოოპარკი ამ სირთულეებს არ შეუშინდა და, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის, ბიოფინის, ხელშეწყობით, დათვის ბელებისა და სხვა საფრთხეში მყოფი სახეობების გადარჩენისა და რეაბილიტაციის პროგრამა წამოიწყო.
„რეაბილიტაციის მთავარი ამოცანა ტყვეობაში შეძენილი ქცევების ჩამოშორება და ბუნებრივი ქცევების დაბრუნებაა. ბელების მომზადება თავისუფლებისთვის პირველი ნაბიჯია. შემდეგ, მათი ბუნებაში გაშვებისთვის, სწორი ადგილი უნდა შევარჩიოთ, რათა ბუნებრივ გარემოში დაბრუნება შეძლონ“, – გვიხსნის ზურაბ გურიელიძე.
ტყეში დაბრუნებისთვის, დათვის ბელებმა ისეთ გარემოში უნდა იცხოვრონ, რომელიც მათ ბუნებრივ პირობებს მაქსიმალურად უახლოვდება. მათი ურთიერთობა ადამიანებთან უნდა შემცირდეს, რაც მათ თავისუფლებისა და ველურ ბუნებაში არსებობისთვის მოამზადებს.
ბიოფინისა და UNDP-ის ხელშეწყობით, თბილისის ზოოპარკმა დაობლებული დათვის ბელებისთვის კარგად მოწყობილი ვოლიერები ააშენა, სადაც მათ თავისუფლად გადაადგილება, თამაში, ცურვა და ველური ცხოვრებისთვის საჭირო უნარების შეძენა შეეძლოთ.
ბიოფინისა და UNDP-ის დახმარებით, ასევე შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობით ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი შემოწირულობით დაეხმაროს დათვის ბელების რეაბილიტაციას.
მზია შარაშიძე, თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ამბობს, რომ თითქმის ყველა შემოწირულობას კომენტარიც ახლავს, რომელშიც ადამიანები გამოთქვამენ თავის სურვილს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თბილისის ზოოპარკმა მათ მიერ შემოწირული ფული.
„ისეთი გულისამაჩუყებელი კომენტარებია, ხვდები, რომ ადამიანების დამოკიდებულება ბუნების მიმართ თანდათან აუცილებლად შეიცვლება“, – ამბობს მზია.
პროგრამა „ბიოფინი“ მთელ მსოფლიოში მოქმედებს და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მართვისთვის დამატებითი სახსრების მოძიებას ისახავს მიზნად. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ გლობალურ ინიციატივას 2016 წელს შეუერთდა.
ბიოფინთან თანამშრომლობის შედეგად, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. 2019 წლისთვის, ჯამურად, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ასიგნებები ყოველწლიურად 620,000 ლარით მატულობდა, ხოლო ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველწლიური ასიგნებები 100,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, მომზადდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პირველი სახელმძღვანელო მითითებები და შემუშავდა მონიტორინგისა და ინსპექტირების საკონტროლო სიების გამოყენების ონლაინ ინსტრუმენტი. შემუშავდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ეკოტურიზმის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო საქართველოს სხვა სატყეო უბნებზეც ახორციელებს.
საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად ეს საკმარისი როდია. თუმცა ასეთი ნაბიჯები იმის იმედს გვაძლევს, რომ კოპალა, ჩოფიკა და გარინჩა თავის მშობლიურ ტყეს დაუბრუნდებიან და ჩვენს მიერ შენარჩუნებულ ბუნებრივ გარემოში თავისუფალ ცხოვრებას გააგრძელებენ.