თასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ათასწლეულის ინოვაციის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა „ელფებმა“ პროექტით, „კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორის კონსტრუირება“ მოიპოვა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გუნდში ხუთი მოსწავლეა – ანასტასია ჩალაგაშვილი (მე-6 საავტორო სკოლა), პანტელეიმონ კობახიძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ მიქაძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ მაღრაძე (სკოლა „აია-GESS“) და გეგა ხაჩიძე (ვ. კომაროვის N:199 საჯარო სკოლა). მათივე ცნობით, პროექტის მიზანია დახურულ სივრცეში ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდა, დანადგარის საშუალებით, რომელიც ახდენს ჰაერში მყოფი სხვადასხვა მოლეკულების იონიზაციას.

„საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგების და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით უკვე მეშვიდე წელია ვახორციელებთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვავლინეთ 2021 წლის გამარჯვებულები – მოსწავლეებისგან შემდგარი სამი ინოვატორი გუნდი. პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის (NASA Space Center University) საზაფხულო სკოლაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე ადგილზე გასული გუნდი „Memory Effect“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო STEM ბანაკში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდის „Goal Diggers” წევრებს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი — საქპატენტი პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს“, – აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ორგანიზატორების ცნობითვე, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა, რომელიც შედგება კომაროვის თბილისის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან, შექმნეს „სმარტ კოსტიუმი“ ნითილონის ნივთიერების გამოყენებით, რომელიც აფიქსირებს ადამიანის სხეულის მოძრაობას და ამოძრავებს კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით. „სმარტ კოსტიუმს“ შეუძლია სამედიცინო რეაბილიტაციაში ადამიანების დახმარება, რომლებსაც გადატანილი დაავადების ან ტრავმების შედეგად შეზღუდული აქვთ ფიზიკური შესაძლებლობები.

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა „Goal Diggers”, რომელიც შედგება გორის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლის მოსწავლეებისგან, შექმნეს რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მასწავლებლის დამხმარე „კოლეგა“. რობოტის გამოყენება სასწავლო პროცესში მარტივი და სახალისოა. ის მოსწავლეს ეხმარება შეისწავლოს ანბანი, ფერები, გეომეტრიული ფიგურები და პირობითი ნიშნები, ასევე შეამოწმოს თუ რა ისწავლა მოსწავლემ და აძლევს შესაბამის უკუკავშირს.

„აშშ საელჩო საქართველოში 2014 წლიდან მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები“,- განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

„დღეს ჩვენ ყველამ ვნახეთ შემოქმედებითად დაჯილდოებული ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი დრო მოახმარონ ახლის ძიებას. ჩვენ ვნახეთ ინოვაციური იდეები და ამ იდეების ხორცშესხმა. ასეთი ღონისძიებები უწევენ დახმარებას და აძლევენ იმპულსს ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მათ იფიქრონ ინოვაციურად, საკუთარი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და იფიქრონ აქედანვე, რომ მეცნიერება მიმართული უნდა იყოს გარკვეული სიახლეებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების გალა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

„საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპების გაძლიერებას. ჩვენი მთავრობის და სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ზუსტად რომ ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო განათლების განვითარება წარმოადგენს“, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, თიბისი ბანკმა, ჯეოლაბმა და აკადემია „ლეტერატომ“.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეშვიდედ ჩატარდა. 2020-2021 წლის კონკურსში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურის პირველ ეტაპზე 64 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 45% – თბილისიდან, ხოლო 55% – რეგიონის სკოლებიდან. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა თერთმეტი გუნდი თბილისის, გარდაბნის, გორის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლებიდან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2,000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *