ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture- ზე განთავსდა.
UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამისა და Google Arts & Culture-ის თანამშრომლობის შედეგად UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულ დოკუმენტებს Google Arts & Culture-ის პორტალზე ცალკე სექცია დაეთმო. მათ შორის სრულად არის წარმოდგენილი ეროვნულ არქივში დაცული ყველა ის ხელნაწერი, რომელიც ამ დრომდე UNESCO-ს მიერ მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნაწილად არის აღიარებული.
აქვე შეხვდებით ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფლების უფროსის ქეთევან ასათიანის ონლაინლექციის ჩანაწერს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული ქართული ხელნაწერების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრის კომიტეტმა 2013-2017 წლებში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ზედიზედ სამჯერ შეიტანა. ეს დოკუმენტებია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (1745 წელი), IX-XV საუკუნეების 8 უძველესი ქართული ხელნაწერი და სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს.)
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://artsandculture.google.com/project/memory-of-the-world/religion