მსოფლიოში თამაშების შექმნის ყველაზე დიდ ღონისძიებას საქართველოც შეუერთდა
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დავალებაა, შექმნათ თამაში.
თამაში გამართული უნდა იყოს და მოიცავდეს ყველა ეტაპს – კონცეფციის მოფიქრებას, დიზაინის გაკეთებასა და დეველოპმენტს. თემატიკაც კონკრეტულია – თამაში კოსმოსზე უნდა იყოს. და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ 48 საათი გაქვთ.
ეს შეიძლება შეუსრულებელ მისიად ჟღერს, მაგრამ 50-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გასულ შაბათ-კვირას ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვა.
28-30 იანვარს სასტუმრო “თბილისი მოქსიში” Global Game Jam Georgia გაიმართა. ამით საქართველო მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰაკათონს შეუერთდა, რომელზეც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო თამაშების შექმნაში ეჯიბრებიან.
თბილისის პარალელურად, იმავე დავალებას მონაწილეები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე შეეჭიდნენ.
ღონისძიება ყოველწლიურია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების იმპლემენტირებას და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში.
Global Game Jam Georgia-ს გამარჯვებული გახდა და საპრიზო თანხა, 5000 ლარი, მიიღო გუნდმა, რომლის თამაშიც ჟიურის წევრებს ყველაზე მეტად მოეწონათ.
გამარჯვებული თამაშის პრინციპი ასეთია: გალაკტიკაში უამრავი უსიცოცხლო და ბნელი პლანეტაა. ერთადერთი ნათელი და დასახლებული პლანეტა კი მზეა. მზეზე მცხოვრები არსებები ნათურები არიან და ერთერთი რიგითი ნათურა მნიშვნელოვან დავალებას იღებს – უნდა მიაღწიოს კონკრეტულ უსიცოცხლო პლანეტას, ჩავიდეს მის ცენტრში და გაანათოს ის. ამ ყველაფერთან ერთად კი, მან უნდა მოახერხოს მეგობარი ნათურების დახსნა, გამოიყენოს თამაშის დეტალები (სინათლის ანთება და ჩაქრობა, პატარა განათებებით მოწინააღმდეგის მოტყუება და ა.შ.) და ამ პროცესში, უნდა ეცადოს, არ დააამარცხონ მოწინააღმდეგე მონსტრებმა.
“ჩვენი მონაწილეობის მთავარი მიზანი, პირველ რიგში, გართობა და საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია იყო. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ძალიან კარგი შედეგი დაიდებოდა და საინტერესო გუნდები იქნებოდნენ, მაგრამ იმაზე მაგარი პროექტები ვნახეთ, ვიდრე წარმოგვედგინა,” – თქვა გამარჯვებული გუნდის წევრმა.
Global Game Jam- ში მონაწილება უფასო იყო და შეეძლო 18 წელს ზემოთ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც თამაშის შექმნის სპეციფიკა აინტერესებს და საკუთარი შემოქმედებითობის დატესტვა სურდა.
ჰაკათონის ფარგლებში, კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რჩევები მიეღოთ კომპეტენტური მენტორებისგან და დაეხვეწათ თავიანთი თამაში. ღონისძიებას არა მხოლოდ საკონკურსო, არამედ საგანმანათლებლო დატვირთვაც ქონდა – ჰაკათონის მონაწილეები სხვადასხვა ლექციასა და სემინარს დაესწრნენ თამაშების ინდუსტრიაში არსებული სიახლეებისა თუ გამოცდილებების შესახებ.
Global Game Jam Georgia-ს ორგანიზატორი იყო Startup Büro, რომლის თანამდაფუძნებელი ჰაიკ ასრიანცი ამბობს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას კიდევ გეგმავენ.
ღონისძიების გენერალური პარტნორი იყო ბილაინი, მხარდაჭერები კი: თბილისის მერია, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) და Founder (fndr.ge).
ჰაკათონის ქომიუნითი პარტნიორები არიან: საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ და ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია „CG Georgia“.