დებატები უკეთესი განათლებისთვის დებატკლუბების წარმატებული მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, წარმატებით გრძელდება დებატკლუბების მუშაობა და სუპერვიზირება/მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა რომ მიუხედავად მუდმივად ცვალებადი, ჰიბრიდული თუ ონლაინ სასწავლო რეჟიმისა, დებატკლუბები სკოლებში მაინც წარმატებულად და სრულფასოვნად აგრძელებენ ფუნქციონირებას. თითოეული კლუბის მუშაობამ და სუპერვიზირებამ კი აჩვენა, რომ მასწავლებლები თანმიმდევრულად მიუყვებიან პროგრამას და მოსწავლეებიც ძალიან მოტივირებულად არიან ჩართული ყველა სახის აქტივობაში. ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ არაფორმალური განათლება და მსგავსი ტიპის სკოლის შემდგომი აქტივობები, რომლებიც მაღალი სტანდარტებით არის დაგეგმილი და ორგანიზებული, მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პროექტის ფარგლებში,წელს უკვე 60 დებატკლუბი მუშაობს აქტიურად სამეგრელოში, ზემო აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში, სვანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, რაჭაში, თბილისსა და აჭარაში.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.