საქართველო მწვანე ეკონომიკის გზაზე
მწვანე ეკონომიკის განვითარება წარმოებაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით, განახლებადი წყაროების გამოყენება, ნარჩენების გარეშე წარმოება – ოცდამეერთე საუკუნის პრიორიტეტებია.
მიმდინარე წლის 8-11 თებერვალს, ევროკავშირის „აღმოსავლური პარტნიორობის“ ქვეყნებში ჩატარდა „ევროკავშირის სამრეწველო კვირეული -2022“, რომლის ფარგლებში მოხდა რესურსების დამზოგველი და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიის პოპულარიზაცია. მომავალი სამრეწველო პოლიტიკისთვის მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. კონფერენციებსა და სემინარებზე მცირე და საშუალო საწარმოები გაეცნენ დამატებით ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც დაეხმარება მათ გახდნენ უფრო მეტად ეკოლოგიურები. მონაწილეებს შეეძლოთ ვირტუალურ მასტერ-კლასებში, სემინარებსა და კონფერენციებში ჩართვა, სადაც ისინი იგებდნენ თუ რა მიდგომა აქვს ევროპულ მრეწველობას „მწვანე ეკონომიკის“ თემასთან.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში („ევროკავშირი გარემოსთვის“). ჩაკეტილი ციკლის ეკონომიკა და მისთვის ახალი შესაძლებლობების გაზრდა, ციკლური და ცირკულარული ეკონომიკა – ეს იმ საწარმოო მოდელის ტერმინებია, რომელიც ეფუძნება ნარჩენების განმეორებით გამოყენებას, რაც შეამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას, უზრუნველყოფს ეკოლოგიური წარმოების პრინციპების დანერგვას და ნახშირჟანგის ემისიის შემცირებას.
სამრეწველო კვირეულის ფარგლებში გაიმართა ეროვნული ონლაინ-კონფერენცია „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება, როგორც ეკონომიკის „მწვანე ტრანსფორმაციის“ საშუალება საქართველოს საწარმოებისთვის“. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის გარემოს და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ შედგენილ ექვსპუნქტიან გეგმაში საკვანძო საკითხია ჩაკეტილი ციკლის მწვანე ეკონომიკის პოპულარიზაცია, რომელიც მოიცავს ეკოლოგიური საკითხების ინტეგრაციას ბიზნესის მომავალ განვითარებაში. „ჩვენ უკვე მივიღეთ ძირითადი კანონმდებლობა გარემოს დაცვაზე. ამჟამად ვმუშაობთ დარგობრივი კანონმდებლობის შექმნაზე ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე დავიწყეთ საუბარი წამახალისებელი მექანიზმების, დაფინანსების პროგრამების შემუშავებაზე ბიზნეს-სექტორში გარემოს დაცვის ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულის საბოლოო მიზანია, საქართველოს ეკონომიკის ზრდა და თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტაცია, რაც უმნიშვნელოვანესია ევროპული დირექტივების ტრანსპოზიციის პერიოდში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მწვანე ეკონომიკა სათბური გაზების გამონაბოლქვის შესამცირებლად
როდესაც საუბარია მწვანე ეკონომიკაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დამტკიცებულია კლიმატის ცვლილების სტრატეგია, რაც მიმართულია ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებაზე და განსაზღვრავს სათბური გაზების ემისიების შემცირების მეთოდებს.
სტრატეგიული დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას კლიმატის ცვლილების შედეგების შემცირებაზე შემდეგ სექტორებში: ენერგიის წარმოება და გადაცემა, ენერგომოხმარება სატრანსპორტო სექტორში, შენობებში, მრეწველობაში და საწარმოო პროცესში, სოფლის მეურნეობაში, ნარჩენების მართვასა და ტყის მეურნეობაში.
დამტკიცებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული სამი დოკუმენტი – გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით” გათვალისწინებული – ,,საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა
ეროვნულ დონეზე, ქვეყანა იღებს ვალდებულებას რომ, 2030 წლისთვის, სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შეამციროს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 7 ივნისს საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა „პარიზის შეთანხმების შესახებ“ გაეროს ჩარჩო კონვენცია, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო პოლიტიკის ახალ ეტაპს კლიმატის ცვლილების დარგში. მისი ძირითადი მიზანია, კლიმატის ცვლილების რისკის და ეკონომიკის სექტორებისთვის ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვანი შემცირება 20С-ის დონეზე, საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვის ხარჯზე.
დაფინანსების ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია წარმოებაში ენერგოეფექტური და ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვისთვის. აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტო ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ახორციელებს პროგრამას „მწვანე გრანტები“.
ვინაიდან საქართველოს მოქმედი ტყის რესურსები კვლავ წარმოადგენენ ენერგიის ძირითად წყაროს სოფლის მოსახლეობისთვის, „მწვანე გრანტების“ პროგრამა მიმართულია სოფლის მეურნეობებისთვის და მოქმედი საქმიანი სექტორისთვის ენერგიის განახლებადი წყაროების ტექნოლოგიების დანერგვის ხელმისაწვდომობაზე, რათა მოხდეს ენერგიაზე ხარჯის შემცირება, კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქება და ბუნებრივი რესურსების ხარჯის შემცირება.
პროგრამის მოქმედების არეალი, უწყების სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, შეზღუდულია, არჩეულია 8 მუნიციპალიტეტი: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო. „მწვანე გრანტების“ კომპონენტი მოიცავს ჩვეულებრივი მზის წყალგამათბობლების, შენობების თბოიზოლაციის თანადაფინანსებას.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ გვარჯელაძემ აღნიშნა, უწყება ყოველწლიურად ახორციელებს პროექტებს სოფლად ბიზნეს საქმიანობის განვითარებისთვის.
„მწვანე გრანტების პროგრამა ამოქმედებულ იქნა 2021 წლის ბოლოს და მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა ბიუჯეტი მცირეა. პროგრამის ფარგლებში შემოვიდა 455 აპლიკაცია, მაგრამ ბიუჯეტი არ აღემატება 600 ათას დოლარს. „მწვანე გრანტის“ მოქმედი პროგრამა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ: თბოიზოლაციას, სადაც საგრანტო კომპონენტი შეადგენს 60-70%-ს, მზის ენერგიას წყლის გამაცხელებლებისთვის – 80-90%-ს. ეს მიმზიდველი პირობებია ბენეფიციარებთან“, – აღნიშნა გვარჯელაძემ.
სოფლის განვითარების პროგრამის და დონორების მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებიდან, ერთ-ერთი წარმატებულია შპს „ბიორასი“, რომელიც გასულ წელ განხორციელდა. პროექტი დაფინანსდა სოფლის რაიონების განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სოფლის რაიონების და სოფლის მეურნეობების განვითარების შესახებ მეზობლობის ევროპული პროგრამის ფარგლებში (ENPARD). მათ გამოიყენეს ენერგიის განახლებადი წყაროები. ენერგოეფექტური სისტემების დანერგვის წყალობით კომპანიამ დააყენა მზის ელექტროსადგური, ენერგიის ალტერნატიული წყარო და ეფექტურად მართავს საკუთარ ფერმას.
კომპანია „ბიორასი“ თანამოაზრეებმა წლების წინ დააფუძნეს და მას შემდეგ უამრავი აგრო პროექტი განახორციელეს. 2018 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გუნდმა 22 ჰა მიწის ნაკვეთი შეისყიდა და იმავე წელს 12 ჰა ფართობზე კაკლის ბაღი გააშენა. 2019 წლიდან კი, მაკდონალდსის რესტორანთა ქსელის დაკვეთით, კომპანიამ 5 ჰა მიწის ნაკვეთზე აისბერგის სახეობის სალათის კულტივაცია დაიწყო. „ბიორასის“ წარმომადგენლებს წარმოების ეფექტური განვითარებისთვის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაეჭრათ – ელექტროენერგიის მიწოდება.
მართალია, ნაკვეთის მახლობლად ელექტროგადამცემი ხაზი არსებობდა, თუმცა იგი საკმაოდ მოძველებული იყო და მისი აღდგენა დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიციას საჭიროებდა. გარდა ფინანსური დაბრკოლებისა, საჭირო ხდებოდა ტყის ზოლის გაჭრაც, რაც ბუნებრივ ლანდშაფტს დააზიანებდა. ამასთან, კაკლის ბაღში ელექტროენერგიის საჭიროება კომპანიას, დიზელის საწვავზე მომუშავე ელექტრო გენერატორის გამოყენებისკენაც უბიძგებდა, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებს და გარემოს დაბინძურებას გამოიწვევდა. ამიტომ კომპანიამ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნა გადაწყვიტა.
„ვიცოდით, რომ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს გარეშე ჩვენი საწარმოს განვითარება შეუძლებელი იყო. 2019 წელს შევიძინეთ მცირე სიმძლავრის მზის პანელი, ასევე რამდენიმე ჰელიო სანათი. გადავწყვიტეთ დავკვირვებოდით მიმდინარე პროცესს. მიღებული შედეგების ანალიზითა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად დავასკვენით, რომ 10კვტ/სთ მზის პანელების სიმძლავრე და 40 კვტ აკუმულაცია სრულიად დააკმაყოფილებდა საწარმოს მოთხოვნებს. შემდეგი ნაბიჯი კი ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამაში ჩართვა იყო“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ფხაკაძე.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საწარმოში 60 მზის პანელი და 24 ბატარეა დამონტაჟდა. ახალი ენერგიის წყაროს დახმარებით, „ბიორასი“ წარმოების ხარჯებს წლიურად 6,000 ლარამდე შეამცირებს. დანაზოგით კი კომპანია თანამშრომელთა შრომის პირობების გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური საქმიანობის განვითარების პარალელურად, გუნდმა გარემოზე ზემოქმედების შემცირებაც შეძლო.
„მზის პანელების დანერგვით, განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე გადავალთ, ხოლო დიზელის საწვავს, რომელიც წელიწადში 2 ტონამდე გვჭირდებოდა, საერთოდ აღარ გამოვიყენებთ. ასევე უარი ვთქვით გადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რის შედეგადაც ტყის მასივის 1.5 კმ-იანი ზოლი გადავარჩინეთ“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
„ბიორასისთვის“ აღნიშნული გრანტის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის ფონზე განვითარებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში. კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ ენერგოეფექტური წარმოების დანერგვა მნიშვნელოვანია არამხოლოდ მათი ბიზნესისთვის, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტისა და ქვეყნისთვის.
„ჩვენთვის ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის პირობებში. ასეთ დროს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება იოლი საქმე არაა. მაგრამ დახმარების მიღების შედეგად, ჩვენი რეალობა შეიცვალა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავედით. ეს ცვლილება მეტი ადამიანის დასაქმებას გამოიწვევს, რაც ბევრი ოჯახისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი გახდება“, – დასძენს ფხაკაძე.
ბოლო პერიოდში აქტიურად ფინანსდება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და განახლებადი წყაროების დანერგვა ქართული კომერციული ბანკების მიერ.
„თიბისი ბანკის“ წარმომადგენლის იოსებ როსტომაშვილის თქმით, კომერციული ბანკის მდგრადი პორტფელი 2021 წლის ბოლომდე შეადგენდა 220 მლნ დოლარს, საიდანაც 80% გამოყენებული იქნა მცირე და მიკრო ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებაში. „ძირითადად პორტფელი მოიცავს განახლებადი წყაროების დაფინანსებას. დაკრედიტება გაიზარდა 20%-ით 2020 წელთან შედარებით, რაც შეადგენს საკრედიტო პორტფელის ზრდას 40 მლნ დოლარით, საიდანაც 14 მლნ დოლარი გამოყენებულ იქნა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დაკრედიტებაზე. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროდუქტი და საგრანტო სქემა. დაფინანსება მოიცავს ირიგაციას და ასევე კორპუსების, თუ სასტუმროების განახლებას“, – აღნიშნა როსტომაშვილმა.
EU4Environment პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრენინგ-პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი (რესწ/რესურსეფექტურობა საშუალო საწარმოებისათვის) ექსპერტების ცნობიერების ამაღლებასა და გამოცდილების ამაღლებას, რომლის საფუძველზეც მონაწილე ექსპერტებმა პროექტის ტექნიკურ ექსპერტებთან ერთად ჩაატარეს რესწ კვლევები შერჩეულ საწარმოებში. რესურსების ეფექტურობა, ენერგოეფექტურობა, ფინანსური დაზოგვა და გარემოსდაცვითი სარგებელი. გამოთვლილია გარემოსდაცვითი სარგებელი. EU4Environment პროექტი ეხმარება ექვს პარტნიორ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) რესურსებისა და ენერგიის ეფექტურად და მდგრად გამოყენებაში.
ორი სახის ყველის (იმერული და სულუგუნი) მწარმოებელი ფერმა მუშაობს 2010 წლიდან ახალციხეში. მისი წარმადობა შეადგენს 70 ტონას წელიწადში, პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე. მოხმარებული ბუნებრივი გაზი – 90 კუბური მეტრი, ელექტროენერგიის მოხმარება – 650 კვტ/საათში.
ინდ.მეწარმე ნინო ყაჩიაური ამბობს: „გაზის და ელექტროენერგიის ხარჯი საწარმოს მოცულობიდან გამომდინარე, დიდი არაა, მაგრამ გვსურს გაფართოება. ამის შედეგად ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. ჩვენ შევიტანეთ მასში ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია ენერგიის დაზოგვისთვის კლიმატის შენარჩუნების სარგებლის მოტანასთან ერთად. ცხელი წყალმომარაგების მზის სისტემის დაყენების შემთხვევაში ინვესტიცია – 6000 ევრო, სარგებელი – 3300 ევრო, ენერგიის დაზოგვა 131 000 კვტ/სთ, СО2-ის ემისიების შემცირება – 26,5 ტონა. 30 კვტ წარმადობის მზის ფოტოელექტრული სისტემის დაყენება ინვესტიცია – 27 000 ევრო, სარგებელი – 4300 ევრო, ენერგიის დაზოგვა – 51 000 კვტსთ, СО2-ის ემისიების შემცირება – 7 ტონა. მაცივრის კედლების თბოიზოლაციის დაყენებისთვის საჭირო ინვესტიცია შეადგენს 5000 ევრო, სარგებელი მიაღწევს 2700 ევროს, დაზოგილი ენერგია: 33 600 კვტ/სთ, СО2-ის ემისიების შემცირებამ შეადგინა 4,5 ტონა. საჭიროა საკმაოდ დიდი თანხები. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ პროექტის ფარგლებში მივიღებთ დახმარებას თანადაფინანსების ძიებაში იმისათვის, რომ ჩატარებული სამუშაო არ აისახოს მხოლოდ ქაღალდზე“.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენება არის უმნიშვნელოვანესი აგროსისტემების გარდაქმნის, კლიმატური ხასიათის ზემოქმედების გამძლეობის უზრუნველყოფის და ნულოვანი ნეტო-მაჩვენებლის დონემდე სათბური გაზების ემისიების შემცირების სტრატეგიების რეალიზაციის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მაღალი რისკისა და გამოცდილების უქონლობის გამო ადგილობრივ ბანკებში განახლებადი ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის დარგში პროექტების მომსახურების პროცესში საჭიროა ადვილად ადმინისტრირებადი დაფინანსების მექანიზმები და გარანტიები კერძო მეურნეობებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს ან მოიცავენ დამატებით სუბსიდიებს.
ევროპული ქვეყნების გამოცდილება
თუ გავეცნობით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, არის უამრავი ობიექტი, რომლებიც მოიხმარენ ქარის და მზის ენერგიას. ზოგი ობიექტი მთლიანად მუშაობს განახლებად წყაროებზე და ატმოსფეროში ნულოვანი ემისიებით.
მაგალითად, 2015 წელს „TESCO-CABRA” ირლანდიაში იყო პირველი სუპერმარკეტი ნულოვანი ემისიებით, იგი გახდა ჯილდოს მფლობელი მდგრად ენერგეტიკაში ინოვაციებისთვის. Tesco, უმსხვილესი სავაჭრო ქსელი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, რომელსაც აქვს 6 500 მაღაზია, ამბობს, რომ სურს გახდეს „ნახშირ-ნეიტრალური 2050 წლისთვის.
ირლანდიაში, პრაქტიკულად ხუთი წლის ბავშვებს ასწავლიან ელექტროენერგიის დაზოგვას. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიმართულია როგორც დაბალი, ასევე მაღალი კლასების მოსწავლეებზე. სასკოლო ასაკში ბავშვები იღებენ ინფორმაციას ენერგეტიკული ეფექტურობის და განახლებადი წყაროების საკითხებზე და ცნობიერების ასამაღლებლად ხშირად იღებენ მონაწილეობას პრაქტიკულ სწავლებებში. კლიმატის ცვლილებების პრობლემებზე ინფორმირების პოპულარიზაციის მიზნით, ირლანდიის ცენტრალურ ტელეარხზე გადის გადაცემა „ეკო აი“. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც განახლებადი წყაროების გამოყენების პოპულარიზაციის და ატმოსფეროში სათბური გაზების შემცირების მიზნით.
ლიანა ჟორჟოლიანი