საქართველო ყაზახ ხალხს მადლიერების სიტყვებს გადასცემს
რუსთავი, 2022 წლის 1 მარტი – ყაზახეთში მადლიერების დღეს, საქართველო ყაზახ ხალხს სოლიდარობისა და მადლიერების სიტყვებს გადასცემს.
მთელი წლის განმავლობაში მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ადამიანი, აგროვებდა და წერდა მოთხრობებს – მშობლების, ნათესავების, ახლობლების მოგონებებს ყაზახეთში გატარებული წლების შესახებ – სამშობლოს მოღალატეების ცოლებისთვის განკუთვნილ აკმოლას ბანაკზე, ან ალჟირზე, ყაზახი ხალხის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მათ გადარჩენაში დაეხმარა იმ რთულ წლებში.
1930 და 1940-ე წლებში ტოტალიტარულმა რეჟიმმა, დიდი რაოდენობით პატიმართა შესანახად, ყაზახეთის დიდ სტეპებში ბანაკების მშენებლობა დაიწყო. მათგან ერთ-ერთს – ქალების ბანაკს, ხალხში „ალჟირი“ ეწოდა. აქ დაკავებულები იყვნენ ქალები მთელი საბჭოთა კავშირიდან, რომლებიც გასამართლებული იყვნენ ცრუ და უსაფუძვლო პოლიტიკური მოტივებით. ძირითადად ისინი სსრკ-ს ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ცოლები, დედები, ქალიშვილები იყვნენ.
სტალინის რეპრესიებმა გვერდი არც ქართველ ხალხს აუარა. 1938-1953 წლებში არსებულ აკმოლას ბანაკში სასჯელს თვრამეტი ათასი ქალი იხდიდა, აქედან 300-მდე ქალი საქართველოდან იყო. ისინი ძირითადად იყვნენ არისტოკრატები, გამოჩენილი ოჯახების რეპრესირებული წარმომადგენლები: მწერალი ნოდარ დუმბაძის დედა – ალექსანდრა დუმბაძე-ბახტაძე და მისი მამიდა თამარ დუმბაძე, მწერალი ბორის პილნიაკის ცოლი – თავადის ცოლი კირა ანდრონიკაშვილი, ბულატ ოკუჯავას დედა აშხენ ნალბანდიანი, ასევე კინორეჟისორი ლევ კულიჯანოვის დედა ეკატერინა კულიჯანოვა, დირიჟორი ევგენი მიქელაძის მეუღლე – ქეთევან ორახელაშვილი და სხვები.
სხვადასხვა წლებში მილიონობით ჩვეულებრივი ადამიანი, სხვადასხვა ერის წარმომადგენელი, იძულებით იქნა დეპორტირებული ყაზახეთში. ყაზახების დახმარებით, სადამსჯელო ზომების მიუხედავად, რომელიც მათ ემუქრებოდათ, დეპორტირებული ხალხი გადარჩა. ბევრი მათგანი ყაზახეთის მიწაზე დარჩა საცხოვრებლად. თითოეულმა ეთნიკურმა ჯგუფმა საკუთარი კულტურული ცენტრები ჩამოაყალიბა, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ მშობლიური ენა, ხელი შეუწყონ მათი კულტურის წეს-ჩვეულებების და ტრადიციების გაცნობას.
საქართველოს პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარის, გარი ჩაფიძის თქმით, რომლის ინიციატივითაც ჩატარდა „ალჟირის“ თემაზე კონკურსი, ყველა სიუჟეტში არის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ხალხის დამოკიდებულების შესახებ. როდესაც ქალები მინდორში გადიოდნენ, ბავშვები უახლოესი სოფლებიდან მათ ქვებს ესროდნენ, როგორც ეს თავიდან ჩანდა. მაგრამ შემდეგ ქალები მიხვდნენ, რომ ეს იყო მშრალი ხაჭო – ყაზახური „ყურტი“. გლეხები სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ უდანაშაულოდ მსჯავრდებულთა დახმარებას.
“ამიტომ, მადლიერება მცირედია რისი გაკეთებაც შეგვიძლია ყაზახი ხალხისათვის, რომელმაც რთულ ეკონომიკურ პირობებში ყოფნისას მიიღო ჩამოსული ხალხი და მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა და მოთმინება გამოავლინა“ – განაცხადა საქართველოს დამსახურებულმა პედაგოგმა.
ლუკა სამხარაძის თქმით, რომლის ბებიაც (ნინო მიზანდარი) ბანაკიდან არ დაბრუნებულა, სიტყვა „მადლობას“ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1930-40-იან წლებში ყაზახეთში იძულებით გადასახლებულთა შთამომავლებისთვის. სტუმართმოყვარე ყაზახი ხალხი მათ გადარჩენაში დაეხმარა რისთვისაც მადლიერების გრძნობა ცოცხლობს დეპორტირებული ხალხის მრავალი თაობის გულებში, რომლებმაც მეორე სამშობლო ყაზახეთის სტეპებში შეიძნეს.
მონაწილეებმა ასევე მადლობა გადაუხადეს ყაზახ ხალხს ხსოვნის შენარჩუნებისთვის – „ალჟირის“ სამუზეუმო კომპლექსის შექმნისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღისთვის და აღნიშნეს, რომ ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ახალი ყაზახეთის კონცეფციაში, რომელიც 2022 წლის იანვრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტმა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა წამოაყენა, ყაზახეთის მთავარ მიღწევას – ინტერეთნიკურ თანხმობას, რომელიც ქვეყნის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.
„ალჟირის“ შთამომავლებს სამახსოვრო საჩუქრები, ასევე საქართველოში ყაზახეთის ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვისგან მადლობის წერილები გადაეცათ.