თბილისში გაიმართა შეხვედრა თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშეწყობის მიზნით
24 მარტს, სასტუმრო სტამბის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშემწყობი, სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანია თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშეწყობა.
შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო გამოცდილება და პროტოკოლთან მიერთების დადებითი მხარეები. განისაზღვრა პროტოკოლთან მიერთებისთვის საჭირო შემდგომი ღონისძიებები. აღნიშნულ პროტოკოლს უკვე მიერთებულია 64 ქვეყანა და საქართველოს მიერთება მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც, რათა დაცული იყოს მისი საზღვრები საქართველოდან თამბაქოს კონტრაბანდული ნაწარმის შესვლისგან.
პროტოკოლთან მიერთება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, მიიღოს ტექნიკური დახმარება, გაამკაცროს ადმინისტრირება და კორუფციასთან ბრძოლა, რისი განსაკუთრებული საჭიროებაც არის კონფლიქტურ რეგიონთან, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, საიდანაც კონტრაბანდული თამბაქოს ნაწილი შემოდის.
როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ შეხვედრაზე აღნიშნა: “საქართველო დაუყონებლივ მიუერთდეს ჯანმოს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ოქმს. საქართველოს ძალოვანმა სტურქტურებმა მაქსიმალურად გააკონტროლონ აფხაზეთის რეგიონთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მთელი მონაკვეთი შესაბამისი მეთვალყურეობის სისტემებით. ფინანსთა სამინისტრომ, ზედამხედველობის სამსახურებსა და შსს-სთან ერთად გააძლიეროს ადმინისტრირება და კორუფციასთან ბრძოლა”.
2021 წლის თებერვალი-აპრილის და სექტემბერი-ნოემბრის განმავლობაში განხორციელდა თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო და/ან უაქციზო სიგარეტით ვაჭრობის გამოვლენის საკითხებს.
მონიტორინგის ფარგლებში შემოწმებულ იქნა სავაჭრო წერტილი (როგორც სტაციონარული მაღაზიები, ასევე ბაზრობები და ხელზე მოვაჭრეები).
გიორგი ბახტურიძის თქმით: “ყველა ქალაქში ყველაზე ხელმისაწვდომი იყო ორი ბრენდის სიგარეტის შეძენა: მანჩესტერი (წითელი, შავი, ლურჯი და თეთრი) და MAC (ორივე აფხაზური აქციზით). ზუგდიდში აღნიშნული ორი ბრენდის გარდა ასევე შესაძლებელი იყო NZ (ბელორუსული აქციზით) შეძენა. ხაშურში ასევე მონიტორმა შეიძინა ომეგას დასახელების სიგარეტი (ყოველგვარი აქციზის გარეშე).
ბათუმში ხელმისაწვდომი იყო განსაკუთრებით მრავალი ნაირსახეობის უკანონო სიგარეტი. ზემოაღნიშნული ბრენდების გარდა აქ შესაძლებელი იყო შემდეგი სიგარეტის შეძენა: მარლბორო (აფხაზური აქციზით და/ან უაქციზო), 2005 (უაქციზო), American Legend (უაქციზო), Pall Mall (უაქციზო), PS (უაქციზო), Dubao (უაქციზო), Credo (აფხაზური აქციზით)”.
უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის შემუშავებისა და მისი ძალაში შესვლის პროცედურებთან დაკავშირებით, 2008-2012 წლებში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველოც იყო ჩართული. 2012 წლის 12 ნოემბერს მხარეთა მეხუთე სისიაზე დამტკიცდა ოქმის ტექსტი. ოქმი ძალაში შევიდა 2018 წლის 25 სექტემბრიდან. დღეის მდგომარეობით ოქმი მოქმედებს 64 ქვეყანაში მათ შორის ევროკავშირში (2016 წ.) საქართველოს არც ხელი მოუწერია და არც რატიფიცირება მოუხდენია, შესაბამისად ამ ეტაპზე, მიერთების პროცედურები იქნება საჭირო.