რამდენად მზად არიან საქართველოს ქალაქები ნარჩენების გადამუშავებისთვის?
საქართველოს ორი დიდი ქალაქის, ბათუმისა და თბილისის მოსახელობა მიესალმება ნარჩენების დახარისხებას, თუ ამისთვის სათანადო მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და სერვისები იარსებებს.
ასეთია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ქცევითი ექსპერიმენტის შედეგები. ექსპერიმენტის ფარგლებში, UNDP-მ შეისწავლა ადამიანთა ქცევა პლასტიკური ნარჩენების შეგროვება-დახარისხებასთან მიმართებაში და გამოავლინა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მუნიციპალურ დონეზე ნარჩენების მდგრადი მართვის წახალისებისთვის.
ექსპერიმენტი 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე მიმდინარეობდა. UNDP-თან ერთად, მის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ თბილისისა და ბათუმის მერიები, დასუფთავების მუნიციპალური სამსახურები და არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ორგანიზაციები «სპექტრი», «პარკი არ მინდა» და «ჭაობი».
23 მარტს, UNDP-ის ინიციატივით, გაიმართა ექსპერიმენტის შედეგების განხილვა, რომელსაც საქართველოს მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოში ნარჩენების მდგრადი მართვის დანერგვის გზებსა და შესაძლებლობებზე.
„ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან ამ მცირემასშტაბიანი ექსპერიმენტის შედეგად, 2 ტონა პლასტიკური ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება შევძელით. მოხარულები ვართ წარმატებული თანამშრომლობით თბილისისა და ბათუმის მერიებთან. ველოდებით ამ ერთობლივი საქმიანობის გაფართოვებას, რათა ერთად მოვნახოთ რეალისტური გზები პლასტიკური ნარჩენების გადამუშავების დანერგვისთვის, როგორც თბილისსა და ბათუმში, ისე სხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
UNDP-ის სოციალური ექსპერიმენტის ფარგლებში, 2021 წლის სექტემბერში ბათუმისა და თბილისის რამდენიმე უბანში პლასტიკური ნარჩენების შესაგროვებლად 40 გამჭვირვალე კონტეინერი განთავსდა. საპილოტე უბნებზე გაიმართა საგანმანათლებლო კამპანია, რომლის შედეგად გაირკვა, თუ რა გავლენას ახდენს ცნობიერების ამაღლება ნარჩენების შეგროვება-დახარისხების ჩვევის ჩამოყალიბებაზე. საპილოტე უბნებზე ნარჩენების შეგროვების მხრივ მიღებული შედეგები შედარდა იმ უბნების შედეგებთან, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დამატებითი ინფორმაცია არ მიუღიათ.
ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საზოგადოების ინფორმირებულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნარჩენების მართვის პრაქტიკაზე.
გაირკვა, რომ გამჭვირვალე კონტეინერების გამოყენება საგრძნობლად აუმჯობესებს შეგროვებული მასალის ხარისხს, რადგან ადამიანები საკუთარი თვალით ხედავენ კონტეინერის შიგთავსს.
ბრენდირებული შემგროვებელი სატვირთო მანქანების გამოყენება ასევე დადებითად მოქმედებს ნარჩენების დახარისხების ჩვევის ჩამოყალიბებაზე. ეს აქარწყლებს მოარულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნარჩენების დახარისხებას აზრი არ აქვს, რადგან ყველა ნარჩენი მაინც ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე ხვდება.
საგანმანათლებლო კამპანიის შედეგებმა დაადასტურა, რომ ნარჩენების დახარისხების ქცევითი მხარე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მოსახლეობის ინფორმირებულობაზე.
საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება. აქედან, 75 პროცენტზე მეტი ნაგავსაყრელებზე ხვდება, რაც ზრდის დაბინძურებას და ხანგრძლივ საფრთხეს უქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას.
2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიაში გაწერილია პრაქტიკული ზომები, რომელთა გატარების შედეგად საქართველო ნარჩენების მდგრად მართვაზე უნდა გადავიდეს. 2025 წლისთვის, საქართველომ პლასტიკური ნარჩენების 50 პროცენტი უნდა გადაამუშავოს, ხოლო 2030 წლისთვის 80 პროცენტი.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად უჭერს მხარს ნარჩენების მდგრადი მართვის პოლიტიკის გატარებასა და შესაბამისი პრაქტიკის დანერგვას. UNDP გააგრძელებს თბილისის, ბათუმისა და სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების ხელშეწყობისთვის.