დიდი ჩინურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის გახსნა
26 აპრილს გაიხსნა პირველი დიდი ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონი, რომელზეც 10 წლის განმავლობაში იმუშავა „ჩინური ენის ცენტრის“ ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიამ, ქართველი სინოლოგების (ჩინეთმცოდნეების) – ზურაბ მამნიაშვილის და თათია სიორიძის ხელმძღვანელობით.
ლექსიკონის სანახავად გადადით ბმულზე www.chinese.ge
ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებამდე 1 წლით ადრე, 1991 წელს, საქართველოში შეიქმნა ჩინური ენის ფაკულტეტი. მას შემდეგ, 30-ზე მეტი წლის განმავლობაში, გამოიკვეთა სინოლოგიის უმნიშვნელოვანესი როლი ორმხრივი ეკონომიკური, სავაჭრო თუ კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.
ჩინური ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ენის სწავლა ქართველ მსურველებს მხოლოდ სხვადასხვა ენის მეშვეობით უხდებოდათ, რაც საკმაოდ ართულებდა პროცესს.
ლექსიკონის შექმნის იდეა ძალიან დიდი ხნის წინ დაიბადა, თუმცა მის დაბადების დღედ ითვლება 2013 წლის 6 მარტი, როდესაც სარედაქციო გუნდის მიერ თავადვე შექმნილ სამუშაო პლატფორმას პირველი სიტყვა დაემატა. ლექსიკონის ელექტრონული სახით გამოცემის იდეა პირველ რიგში მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით გაჩნდა, რადგან მათ შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი დროს და ნებისმიერი სივრციდან ჰქონდეთ წვდომა ლექსიკონზე და წამებში მოიძიონ სასურველი სიტყვა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ელექტრონული ლექსიკონის სხვა დიდი უპირატესობები: ნებისმიერი აღმოჩენილი ხარვეზი შესაძლოა სულ რაღაც 10 წამში აღმოიფხვრას. ამასთან, ენა ცოცხალი ორგანიზმია და კარგმა ლექსიკონმაც ენაში მიმდინარე ცვლილებები მაქსიმალურად უნდა ასახოს. შესაბამისად, ონლაინლექსიკონი წარმოადგენს უწყვეტად განახლებად, უსაზღვრო გაფართოების მქონე პლატფორმას:
საწყის ეტაპზე ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონი მოიცავს:
- 41 ათასზე მეტ სიტყვას;
- სამი სახის ძიების ფუნქციას;
- სიტყვის გახმოვანების ფუნქციას;
- იეროგლიფის წერის ანიმაციას;
- შესაბამის ფოტომასალას;
- თემატურ ცნობარს;
- ბიბლიოთეკას და სხვ.
ლექსიკონი, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ჩინური ენის სპეციალისტებისთვის, პედაგოგებისთვის, მთარგმნელებისა და სტუდენტებისთვის, აგრეთვე, ყველა სხვა, ჩინური ენითა და კულტურით დაინტერესებული პირისთვის. გარდა ამისა, ის გარკვეულწილად დაეხმარება ქართული ენით დაინტერესებულ ჩინურენოვან მომხმარებლებსაც.
სარედაქციო გუნდი აგრძელებს ლექსიკონზე მუშაობას და შემდეგი ეტაპად გეგმავს 60 ათას სიტყვამდე გაფართოებას. ასევე, იგეგმება ლექსიკონის პროგრამაში ახალი ფუნქციების ჩაშენება, მობილური აპლიკაციის შექმნა და სხვა. საბოლოო მიზანი კი არის, შეიქმნას უწყვეტად განახლებადი, არანაკლებ 100 ათასი სიტყვის შემცველობის მქონე დიდი ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონი.
სარედაქციო კოლეგია ლექსიკონს უძღვნის საქართველოში სინოლოგიის ფუძემდებელს, ქალბატონ მალი ლიუ-ყანდარელს.
ლექსიკონი შექმნილია სინოლოგ ზურაბ მამნიაშვილისა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერით.
ლექსიკონზე მუშაობდნენ სინოლოგები: ზურაბ მამნიაშვილი, თათია სიორიძე, ნატალია მაისურაძე, თამარ მუჯირი, ელენე ყანდარელი, ნინო ტეტუნაშვილი, ლიკა გაბლიშვილი, მარიამ ასათიანი, ანა კონტრიძე.