ევროპა დონა საქართველოსა“ და H.O.P.E -ს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართება თემაზე: „ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“
სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ12 ივლისს, 16:30 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E -ს ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“. შეხვედრა იქნება სამუშაო ფორმატის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ექიმები, პაციენტები, მედია და სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები.ღონისძიების მიზანს, კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2016-2022 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების წარდგენა), გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ამასთან, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის დასახვა წარმოადგენს. დისკუსია კიბოს მართვის მიმართულებით, დღეს არსებული ხარვეზების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული. განსახილველი საკითხებიდან მნიშვნელოვანია შემდეგი პუნქტები: ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრულფასოვანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის, კერძო სექტორის როლის განსაზღვრა და სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროცესში.„სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის პაციენტის დისკრიმინაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვაც 2030 წლისთვის მოიაზრებს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას, უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით“- განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი. მრგვალი მაგიდა, კიბოს მსოფლიო დღეს, 4 თებერვალს დაწყებული საერთაშორისო კამპანიის „close the care gap” გაგრძელებაა. კიბოს მართვაში ხარვეზებზე რეაგირებისა და აღმოფხვრისკენ მიმართულ მსოფლიოს გზავნილს საქართველოც გამოეხმაურა და ონკოლოგიის თითქმის ყველა მიმართულების ექსპერტის მონაწილეობით, ამ დღეს პირველად გაიმართა მულტიპროფილური პანელური შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში თანაბარი და სრულყოფილი მკურნალობის შექმნის მნიშვნელობა. გზავნილი „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“ კიბოს მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ არის მიმართული, რაც ითვალისწინებს ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელ სამკურნალო და სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნას თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა თუ წარმომავლობისა.ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდება ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებით აღრიცხვაზე მყოფ ადამიანთა რიცხვი მთლიანად შეადგენს 60 მილიონს. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ონკოლოგიაში სადღეისო მიღწევები იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას. უფრო მეტიც, ადრეულ ეტაპზე დაწყებული დროული და სწორი მკურნალობა, ზოგიერთი კიბოს დროს, განკურნების შანსს წარმოადგენს.ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.