გიორგი ჯახუტაშვილმა საქართველოს პარლამენტს ყაზახეთსა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ძირითადი რეკომენდაციები წარუდგინა
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარებისთვის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით ორგანიზაციის მიერ დანახული ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარუდგინა. მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის შესწავლის შედეგად და „თიბისი კაპიტალის“ კვლევის საფუძველზე შემუშავდა.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარემ ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებით სწორედ ის მიგნებები და რეკომენდაციები მიაწოდა პარლამენტის კომიტეტს, რომლის გათვალისწინებაც კიდევ უფრო გაარღმავებს ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს. გაერთიანების ხელმძღვანელი რამდენიმე რეკომენდაციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის შემდგომ შესრულებას საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და მხარდაჭერა სჭირდება. კერძოდ, მნშვნელოვანია, პარლამენტის და ეკონომიკური კომიტეტის მხარდაჭერა, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული პერსპექტიული მიმართულებების აქტუალიზაცია და წახალისება მოხდეს როგორც სამთავრობ დონეზე, ასევე კერძო სექტორშიც.
როგორც გიორგი ჯახუტაშვილს მიაჩნია, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის სიღრმისეული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ფოკუსირებული იქნება ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე და მოიცავს სამოქმედო გეგმებს ისეთ სფეროებთან მიმართებაში, როგორიცაა ვაჭრობა – ტრანსპორტი, – ტურიზმი, ინვესტიციები, – ტრანსპორტი, და ა.შ.
აღნიშნული რეკომენდაციების მომზადებას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან“ პირველი შეხვედრა, რომელიც 25 მაისს გაიმართა და სადაც გაერთიანების საქმიანობის, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგები და მიგნებები განიხილეს. კვლევა გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ ერთობლივი ძალისხმევით უკვე მეორედ ჩატარდა და აღნიშნული დოკუმენტი 2006-2021 წლების სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.