ლევან დავითაშვილი: მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის  შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს.

შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. 

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს საწვავის არსებული ფასების შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *