ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მინისტერიალში
2022 წლის 15-16 აგვისტოს, ქ. თურქმენბაშიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების გაერო-ს მინისტერიალში თემაზე: „აშხაბადის პროცესი – დაფინანსება უკეთესი დაკავშირებადობისთვის“.
თურქმენეთის მთავრობისა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებთან დაკავშირებით გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის (UN-OHRLLS) სამდივნოს ორგანიზებით გამართული მინისტერიალი მიეძღვნა მდგრადი ტრანსპორტის განვითარების საკითხებს და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე განვითარებადი ქვეყნის მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირმა.
მინისტერიალის გახსნით ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო როლზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო კვალავაც საიმედო პარტნიორი იქნება რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის და უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას სატრანზიტო დერეფანში.
მინისტერიალის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ გამართა შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის, ზამბიის, ბურკინა ფასოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ქვეყნების მინისტრებთან.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 16 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს შორის.