ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მდგარ ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ – ილია დარჩიაშვილი
„დღეს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, სამუშაო ვიზიტს ველოდებით. როგორც ცნობილია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა და კეთილმეზობლური ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა განიხილონ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“. – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
მინისტრის ინფორმაციით, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გზებზე, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.
„ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს საკითხთა ძალიან ფართო სპექტრი და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება ამ საკითხების განხილვის შესაძლებლობა.
მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, გახლავთ ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა; აგრეთვე, განხილვის საგანი იქნება სხვადასხვა საკითხი, რომლებიც რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს. საყოველთაოდაა ცნობილი საქართველოს პოზიცია, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა გაცხადებული მზადყოფნა რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობაში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად. “ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ რეგიონში მთავარი სატრანზიტო ფუნქციის უზრუნველსაყოფად:„დღევანდელ შეხვედრაზე ამ მიმართულებითაც იქნება საუბარი და იგი ხელშესახებ შედეგს მოიტანს – საქართველო, მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ერთად, განამტკიცებს თავის ფუნქციას, რათა ჩვენმა ქვეყნებმა გააძლიერონ თავიანთი როლი რეგიონში“ – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში გამართულ ოფიციალური დახვედრის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა.