რომეო მიქაუტაძემ ახალქალაქში ჰესების კასკადის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქი ჰესების კასკადის“ ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰესის ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელები – კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, ამ ფონდის მმართველი დირექტორი ალექს ბენარდი და ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი რიკი რიკარდსონი.
ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს. ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად. LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.
რომეო მიქაუტაძე ასევე გაეცნო კასკადური ტიპის მცირე სადგურების საქმიანობას და დაათვალიერა სოციალური პროექტები საპროექტო ტერიტორიის მახლობლად არსებულ სამ სოფელში – სპორტული დარბაზი სოფელ კორხში და სოფელ ორჯაში წყლის სატუმბი სადგური. ამ პროექტებით 7000-ზე ადამიანი სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით.