კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების ახალი ეროვნული სტრატეგია წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი დოკუმენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა და ფინანსური განათლების მიმართულებით გასული 7-წლიანი პერიოდი შეაჯამა.

ფინანსური განათლების მანამდე მოქმედი სტრატეგია, რომელიც 2016 წელს შემუშავდა, ძირითადად საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდა. სტრატეგია ხაზს უსვამდა ფინანსური განათლების მნიშვნელობას, ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცოდნის ამაღლებას და მიზნად ისახავდა დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებას. ახალი დოკუმენტი კი ქვეყანაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და, შესაბამისად, ფინანსური განათლების არსებულ გამოწვევებს უფრო მიზნობრივად პასუხობს.

ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით საქართველოს პროგრესსა და გასული წლების აქტივობებზე თავის მხრივ ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებმაც – გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელმა, ფლორიან მესიმ და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანჟელიკ ვან ჰაასტერენმა. მათ გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ფინანსური განათლება კი ყველა ქვეყნისათვის საერთო საზრუნავია და ამ მხრივ ევროპულ თანამეგობრობაში საქართველო ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია.

“ფინანსური განათლების ამაღლება, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა და ჩემი პრეზიდენტობის პერიოდშიც პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა. თუ წლების წინ თავად საკითხის არსი და მნიშვნელობა დამატებით განმარტებას საჭიროებდა, დღეს, პირველი სტრატეგიის მიღებიდან 6 წლის შემდეგ, ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური განათლების არსსა და მნიშვნელობას განმარტება და დასაბუთება აღარ სჭირდება. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იმ არსებითი კომპეტენციების ერთობლიობაა, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებლები მოქმედებენ ისე, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობის დონე. იმავდროულად, ფინანსური განათლების მაღალი დონე მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორისთვისაც, რამდენადაც მისთვის გაცილებით ხელსაყრელი და ნაკლებად სარისკო იქნება გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ურთიერთობა. საბოლოო ჯამში კი, ქვეყანაში  ყალიბდება ჯანსაღი ტიპის ისეთი გარემო, რომელშიც, როგორც ინდივიდები, ისე ფინანსური სექტორი გონივრულად მოქმედებს და ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ გზაზე ეროვნული ბანკი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად მოდიოდა და ყველა მიღწევის უკან ერთობლივი ძალისხმევა დევს”, – განაცხადა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.


“ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოების იმ დონის ფინანსურ განათლებაზე, რომ საზოგადოების წევრი სწორედ ორიენტირებდეს ამ სფეროში, ჰქონდეს საშუალება, ცოდნა და უნარი მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, გააანალიზოს იგი და მიიღოს თავისთვის სასარგებლო, რაციონალური გადაწყვეტილება. ფინანსური განათლება კავშირშია მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და გამჭირვალობასთან. ამ კუთხით ეროვნული ბანკის მაკოორდინირებელი როლი ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.


ფინანსური განათლების ახალი ეროვნული სტრატეგია, ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის ძირითადი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. სტრატეგია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვის, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელებისა და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფის გზით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური სექტორის,  საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *