„საირმე მინერალ ვოთერსის“ ოფიციალური განცხადება ქარხანაში თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსი“ აცხადებს, რომ მედიაციის პროცესი გაფიცულ თანამშრომლებთან არ დასრულებულა და გრძელდება. ამავდროულად წარმოების პროცესიც არ შეფერხებულა და ჩამომსხმელი ქარხანა აგრძელებს მუშაობას. “საირმე მინერალ ვითერსის” დირექტორის მოადგილის ლევან კასრაძის განცხადებით, კომპანია ყოველთვის ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის. მისი თქმით, კომპანია მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკებები გაფიცულ თანამშრომლებთან და გაითვალისწინებს ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს და რომელიც არ ეფუძნება დეზინფორმაციას.

13 თებერვალს, შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვა დაიწყო. გაფიცვა დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ 27 იანვარს პროფესიული კავშირის მიერ ინიცირებულ მედიაციის პროცესში „შპს საირმე მინერალ ვოთერსი“ აქტიურად ჩაერთო და მიუხედავად იმისა, რომ მედიაცია ამ ეტაპზე არ დასრულებულა და გრძელდება 16 თებერვლამდე. ამ ხნის განმავლობაში კომპანია ცდილობდა ოპერატიულად, კონსტრუქციულად და ღიად ყოფილიყო ჩართული პროცესში და მიეწოდებინა წინადადებები გაფიცულებისთვის. მეორე მხარე თავს არიდებდა მოლაპარაკებას და 13 თებერვალს კი გამოაცხადა გაფიცვა.

გაფიცვის მიუხედავად, წარმოება აგრძელებს მუშაობას და ეს პროცესი არ შეფერხდება, ვინაიდან გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო დასაქმებულების მცირე ნაწილმა და ამას არანაირი გავლენა არ აქვს სხვა თანამშრომლების ჩვეულ რეჟიმში მუშაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ქარხნის ყველა თანამშრომელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და კომპანია გადასახადების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია რეგიონში. წარმოებაში დასაქმებულების ხელფასი კი რეგიონში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია და შეადგენს 1500 ლარს. წინა წელს კი ხელფასის ზრდა რამდენჯერმე აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *