ქართველი ექსპერტები: ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

თბილისი, 2023 წლის 23 თებერვალი – საქართველოს ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლები ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისისა და მასლიხატების დეპუტატების არჩევნების ახალ სისტემას გაეცნენ.

ყაზახეთის ელჩმა საქართველოში მალიკ მურზალინმა პოლიტოლოგებს, საქართველოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრების მკვლევარებს, ასევე ჟურნალისტებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის, პოლიტიკური გარდაქმნებისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ უამბო.

დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია საკონსტიტუციო რეფორმის პრაქტიკული განხორციელების შესახებ, რომელსაც მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს ეროვნულ რეფერენდუმზე. „მისი შედეგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა გადავიდა ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს ფორმირების ახალ, უფრო სამართლიან და კონკურენტულ წესებზე“, – განაცხადა ყაზახმა დიპლომატმა.

ელჩმა მ.მურზალინმა ქართულ მხარეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ძირითადი სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ ისინი ყაზახეთის პრეზიდენტის, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევის მიერ ინიცირებული პოლიტიკური რეფორმების ლოგიკური გაგრძელებაა.

თავის მხრივ, დისკუსიის მონაწილეებმა გამოხატეს ინტერესი ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაურის გაბედული გადაწყვეტილებების მიმართ ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური მოდერნიზაციის შესახებ.

ანალიტიკური ორგანიზაცია „Geocase“-ის თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის თქმით, ყაზახეთში განვითარებული მოვლენები განიხილება მთლიანად კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის განვითარების კონტექსტში. ამ მხრივ, ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ქართული ანალიტიკური ცენტრის „GSAC“-ის ექსპერტმა გელა ვასაძემ აღნიშნა „მსმენელი სახელმწიფოს“ პრინციპის დროულობა და მნიშვნელობა, ინოვაციების ფოკუსი რეგიონების განვითარებასა და მათ დამოუკიდებლობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ყაზახეთის მნიშვნელოვან როლზე გეოპოლიტიკაში, რომელიც შეიძლება გახდეს მთავარი რგოლი აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძისთვის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ მაისაიას დაკვირვებით, ყაზახეთში პოლიტიკური კულტურის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. სახელმწიფო და საზოგადოება პოლიტიკურ კონსენსუსამდე მივიდა. „ახალი გეოპოლიტიკური, უფრო გეოეკონომიკური რეალობა აძლიერებს ყაზახეთის როლს კავკასიისა და კასპიის რეგიონში. ყაზახეთი ხდება დემოკრატიული ჰაბი, რეგიონალური ჰეგემონი დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაში“, – განაცხადა ექსპერტმა.

დისკუსიის ბოლოს ქართველმა ექსპერტებმა წარმატება უსურვეს ყაზახეთს და რწმენა გამოხატეს, რომ სახელმწიფო სისტემის ძირეული გადატვირთვა მოსახლეობას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს უკვე უახლოეს მომავალში, ხოლო ეკონომიკური რეფორმები ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებს ახალი ასპექტებით შეავსებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *