საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
2023 წლის 15 მარტს ქ. თბილისში გაიმართა რიგით მეათე პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ყაზახურ მხარეს – მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი.
კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსაც. მხარეებმა დეტალურად განიხილს პარტნიორობის განვითარების გზები ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ურთიერთქმედებაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს გეგმები ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების მომზადების მნიშვნელობას.
ამასთან, აქცენტი გაკეთდა საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარებასთან და საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მინისტრის მოადგილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და შეხედულებები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
თავის მხრივ, ყაზახეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყაზახეთის პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.