„სულ მალე ონკოპაციენტების დაფინანსება ინდივიდუალური იქნება“ – ჯანდაცვის კომიტეტი ონკოპაციენტების პეტიციას დაეთანხმა
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ონკოპაციენტების პეტიციაში გახმოვანებული მოთხოვნები დაფინანსებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ იმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც სწორედ აღნიშნულ პეტიციას განიხილავდნენ.
მისი განმარტებით, ონკოპაციენტების დაფინანსების წლიური თანხა სახელმწიფომ 15-დან 25 ათას ლარამდე გაზარდა, თუმცა კომიტეტში შესული პეტიციის ავტორები და მასზე ხელმომწერი 6 ათასი პაციენტი მოითხოვს ამ თანხის ინდივიდუალიზაციას, ანუ გადახდის არა თანაბარი, არამედ ინდივიდუალურად მორგებული სისტემის ამოქმედებას.
ზაზა ლომინაძის თქმით, ეს მოთხოვნა კომიტეტმა გაიზიარა და ის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც მათ უნდა გასცეს პასუხი, თუ როდიდან შეძლებს ონკოპაციენტების ინდივიდუალურად დაფინანსებას, რაც, ლომინაძის შეფასებით, უფრო სამართლიანი და სწორი იქნება.
ამასთან, როგორც ზაზა ლომინაძე ამბობს, ეს ცვლილება ისედაც იყო დასახული და მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს მანამდეც ჰქონდათ გაკეთებული განცხადებები აღნიშნულის შესახებ.
„ეს ის შემთხვევაა, როცა სამინისტროც, პარლამენტიც და ონკოპაციენტებიც ზუსტად ერთი გზით, სწორი მიმართ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ონკოპაციენტების დაფინანსება იქნება ინდივიდუალურად მორგებული,“ – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ევროპა დონა საქართველოს“ ხელმძღვანელის ანა მაზანიშვილის განცხადებით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, პეტიციაში წამოჭრილია ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს დღეს ონკოპაციენტების წინაშე საქართველოში.
„მივიღეთ დაპირება, ყველა იმ პაციენტისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური მკურნალობა – საუბარია ძვირადღირებულ მკურნალობაზე – ლიმიტს გარეშე იყოს დაფინანსება ანუ ამ ადამიანებს მიეცეთ სიცოცხლის შანსი. ჩვენი პეტიცია განხილვაში გადავა დაახლოებით ერთი თვის ვადაში. ის, რომ რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის არათანაბრობაა მკურნალობაში და მიმდინარე პაციენტებისთვისაც დაფინანსების საკითხი უნდა მოგვარდეს, ამაზე დასტური მივიღეთ,“ – აღნიშნა მაზანიშვილმა და განაცხადა, რომ მომდევნო შეხვედრაზე ვადებთან დაკავშირებით უფრო ზუსტი მონაცემი ექნება.
„საყოველთაო ჯანდაცვაში ონკოლიმიტი არის 25 ათასი. სახელმწიფოს აქვს მზაობა, გამოაჯანმრთელოს ეს პაციენტები. ვითხოვთ, იმ პაციენტებისთვის გამოყოფილი თანხა, რომლებსაც ეს არ სჭირდებათ, გადანაწილდეს მათზე, რომლებსაც ის სჭირდებათ. ამაზე თანხმობა მივიღეთ,“- განაცხადა ანა მაზანიშვილმა.
შეგახსენებთ: პეტიციას „მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს“ ხელი საქართველოს 6000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა.
პეტიციის ინიციატორია პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება „Hope“.
გარდა ულიმიტო დაფინანსებისა, პეტიციის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას დაზღვევის უნივერსალური პაკეტი, რომელშიც ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის დაფინანსების ლიმიტი მაღალი იქნება და არა ისეთი, როგორიც ახლაა, როცა პაკეტების დიდ ნაწილში ონკოლიმიტი საერთოდ არაა ან ძალიან მცირეა. ასევე ხაზგასმულია პრობლემები რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის მკურნალობზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.