საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში აკრედიტებული ელჩების მოსმენას აგრძელებს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე და საქართველოსთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჭოუ ციენის მოსმენა გაიმართა.
„ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და საინტერესოა მოვისმინოთ იმ ხედვების შესახებ რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააჩნია როგორც გლობალური პოლიტიკის, ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
ელჩმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
„ჩინეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ჩვენ მუდამ თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრონციპის საფუძველზე ვთანამშრომლობთ. მხარს ვუჭერთ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ კარგი მეგობრები და სანდო პარტნიორები ვართ“, – აღნიშნა ჭოუ ციენიმ.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის დინამიურად ვითარდება საქმიანი თანამშრომლობა და სწრაფი ტემპით იზრდება ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომენტიდან ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 400-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს 1,9 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.
„ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ბაზრის და რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას. ჩინეთი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს მეგობარი და სანდო პარტნიორი. მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოსთან, რათა დავიცვათ ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, განვითარებისა და ერთმანეთის ძირითადი ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ელჩმა. დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ კავშირებზეც გაამახვილა ყურადღება და მზაობა გამოთქვა განათლების, კულტურის, მეცნიერების, სპორტისა და სხვა მიმართულებებით, ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალის ათვისებას შეუწყოს ხელი. უკრაინაზე საუბრისას ელჩმა განაცხადა რომ ჩინეთი ობიექტურ და სამართლიან პოზიციას ინარჩუნებს, აქტიურად უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი პირობების შექმნისკენ. მან ყურადღება გაამახვილა ჩინეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე. „უკრაინის კრიზისმა გლობალურ უსაფრთხოებას დიდი დარტყმა მიაყენა. ეს საკითხი თითოეული ჩვენგანის საზრუნავად იქცა. ამაზე პასუხად ჩინეთი გლობალური უსაფრთხოების ინიციატივით გამოვიდა. ეს არის საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის გრძელვადიანი მიზანი უსაფრთხო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაა და რომელიც დიალოგს, პარტნიორობასა და საერთო სარგებელს გვთავაზობს. კონცეფცია მხარს უჭერს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას, კონფლიქტებისა და დავების დიალოგითა და კონსულტაციების მშვიდობიანი გზით გადაჭრას. იგი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ ჩინეთის პოზიციას ასახავს“, – განაცხადა ჭოუ ციენიმ.