კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვესსელინ ვალკანოვი ეწვია.
30 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვესსელინ ვალკანოვი ეწვია. დღის ფარგლებში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გაიმართა დარგობრივი სახელმძღვანელოს – „კონვერგენტული ჟურნალისტიკა: შესავალი“ – პრეზენტაცია.
შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ელჩს სტუმრობისთვის, აღნიშნა საქართველო-ბულგარეთის ნაყოფიერი თანამშრომლობა საგანმანათლებლო თუ სხვა მიმართულებებით და ყურადღება ახალგამოცემული წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კი თავის სიტყვაში აღნიშნა ბულგარეთის საელჩოს როლი საქართველოში საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საკითხში.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ინგა შამილიშვილმა ისაუბრა პროექტის აქტუალურობაზე . შეხვედრაზე ასევე სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭალაგანიძე და ჟურნალისტიკის მიმართულების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ზაზა ცოტნიაშვილი. აღსანიშნავია, რომ წიგნი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ Bulgarian Development Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
ახალი სახელმძღვანელო საჩუქრად გადაეცემა საქართველოს წამყვან მედიასკოლებს, ერთ-ერთი პირველი კი, ამ მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეირჩა. „კონვერგენტული ჟურნალისტიკა: შესავალი“ 21-ე საუკუნის პრაქტიკული ჟურნალისტიკის ინოვაციული სახელმძღვანელოა. თითოეული თავი დაწერილია შესაბამისი სფეროს ექსპერტის მიერ და ასახავს თანამედროვე ჟურნალისტიკის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკულ და საკვანძო უნარებს. წიგნი გამოსადეგი წყაროა სტუდენტებისთვის, რომლებიც თანამედროვე მედიაგარემოზე მოსარგებად პრაქტიკულ უნარებსა და ეთიკურ ცოდნას ეძებენ.