ლიფტებში და სადარბაზოებში თამბაქოს მოხმარება კანონით აკრძალულია
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში არამხოლოდ რეგულაციების აღსრულების ხარისხს ვამოწმებთ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თითოეული ჩვენგანი გავხდეთ მონიტორები და თუ ვხედავთ, რომ იქ ეწევიან,სადაც მოწევა აკრძალულია, დავრეკოთ 112-ზე, გავაგზავნოთ შეტყობინება მობილური აპლიკაციით, ან სოციალურ ქსელში, კამპანიის „ნუ მაბოლებ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, რის შემდგომაც აუცილებლად ვიმოქმედებთ, რომ რეგულაციის დარღვევას სამართალდამცველების რეაგირება მოჰყვეს.
ხშირად მოგვმართავენ მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიცგვთხოვენ რაღაც ვიღონოთ, რადგანსავენტილაციო სიოსტემიდან გამოსული მეზობლის თამბაქოს კვამლი ახრჩობთ. სამწუხაროდ, კანონი ვერ კრძალავს კერძო, საცხოვრებელ ბინებში და სახლებში თამბაქოს მოწევას. ამიტომაც თამბაქოს ნებისმიერი მოსაწევი პროდუქტის მომხმარებლებს მივმართავთ, გახსოვდეთ, შესაძლოა, თქვენგან წასული კვამლი ხვდებოდეს მეზობლად, სადაც გულ-სისხლძარღვთა, ან რესპირატორული დაავადებების მქონე, დიაბეტიანი, ან ონკოპაციენტი ცხოვრობს, ან სულაც ჩვილი,მოზარდი ჰყავთ, ვისთვისაც მეორადი მწეველობა ისეთივე საშიშია, როგორც უშუალოდ თამბაქოს მოხმარება.
ასევე, გთხოვთ, ნუ მოწევთ სადარბაზოებსა და ლიფტებში. ორივე შემთხვევაში კანონი მოწევას კრძალავს, მეზობელს შეუძლია რეგულაციის დარღვევაზე გიჩივლოთ (როგორც უკვე არაერთ შემთხვევაში) და თუ სადარბაზოების და ლიფტების სათვალთვალო კამერებში დაფიქსირდება, რომ მოწევის რეგულაციას არღვევთ, აუცილებლად დაჯარიმდებით, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 200-300 ლარით.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ზამთრის სეზონის მოახლოების გამო განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ კაფე-ბარების, რესტორნების ტერიტორიებზე. ასეთ დაწესებულებებში მოწევა ნებადართულია მხოლოდ ღია სივრცეში. ღიად ითვლება სივრცე, თუ კედლების ნახევარზე მეტი გახსნილია. აღსანიშნავია, რომ კაფე-ბარებსა და რესტორნებში ცალკეულ დამრღვევებს შორის ხშირად ერთი და იგივე დაწესებულებაა, რომელიც მრავალგიზს დაჯარიმების მიუხედავად, მცირე ხნიანი პერიოდის შემდეგ ისევ დამრღვევი ხდება. ძირითადად, სამასპინძლო სექტორში დარღვევებს, თბილისში და ბათუმში და მხოლოდ ჩილიმის მოწევის რეგულაციის დარღვევაზე ვაწყდებით. ასევე შეგახსენებთ, რომ ყველა სივრცეს, სადაც ჩილიმის მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს, რატომღაც ჩილიმ-ბარს უწოდებენ. არ არსებობს ჩილიმ ბარი, კაფე-რესტორნებს, რომელთაც გარე ღია სივრცე გააჩნიათ შეუძლიათ მომხმარებელს შეთავაზონ ჩილიმი და ეს კანონდარღვევა არაა, მაგრამ დახურულ სივრცეში არამხოლოდ ჩილიმის მოწევა, ჩილიმის აპარატის არსებობაც კი, ისევე როგორც საფერფლის განთავსება არის კანონდარღვევა.
თუკი მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტებს დააფიქსირებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციას 112-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით და მოითხოვეთ სამართალდამრღვევის მიმართ რეაგირება. გვერწმუნეთ, ძირითად შემთხვევაში საჯარიმო სისტემასთან შეხება არავის არ სიამოვნებს და თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია შედეგს აუცილებლად გამოიღებს.