თამბაქოს პროდუქტების უკანონო მარკეტინგი ბავშვებსა და ახალგაზრდებში“

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ფართო საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში „თამბაქოს პროდუქტების უკანონო მარკეტინგი ბავშვებსა და ახალგაზრდებში“


მონიტორინგის შედეგების თანახმად, სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსების 60-65%-ზე მეტი თამბაქოს ახალ პროდუქტებზე, კერძოდ ელ-სიგარეტზე მოდის. ანალოგიური მდგომარეობაა რეკლამის მხრივაც. სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქტების რეკლამების 70%-მდე ახალი პროდუქტების რეკლამაა.

თამბაქოს ახალი პროდუქტები იმეორებენ სწორედ იმ პრაქტიკას, რაც 2018 წლამდე (ანუ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დახვეწამდე და ამოქმედებამდე) ჩვეულებრივ სიგარეტთან დაკავშირებით იყო. თამბაქოს ახალი პროდუქტები გამოფენილია ბავშვებისა და მოზარდებისათვის მიმზიდველ პროდუქტებთან, ტკბილეულთან და საბავშვო ნაწარმთან ერთად.

ძალიან საყურადღებოა, რომ უნიკოტინო ელ-სიგარეტები გადაიქცა ერთგვარ კარიბჭედ სხვა პროდუქტებისთვის. ხილულად დევს ჯერ უნიკოტინო ელ-სიგარეტები და მათ უკან ამოფარებულია ნიკოტინიანი ელ-სიგარეტები, ვეიპები, გასახურებელი თამბაქო და ა.შ.

  • აღწერილი მდგომარეობა რამდენიმე წლის წინანდელ ე.წ. „თუთუნის ბუმთან“ პარალელისკენ გვიბიძგებს, როდესაც კანონმდებლობაში არსებულმა თითქოს უმნიშვნელო ხარვეზმა  თუთუნის რეალიზაციისა და მასთან დაკავშირებული რეკლამა-პოპულარიზაციის შემთხვევების უკონტროლო მატება გამოიწვია.
  • დღეს იგივე მდგომარეობაა ე.წ. უნიკოტინო ელ-სიგარეტთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულწილად კანონის რეგულირების მიღმა დარჩენილია და იწვევს რეალიზაციის, მარკეტინგის, რეკლამისა და პოპულარიზაციის მიმართულებით დარღვევების საგრძნობ მატებას.
  • საგანგაშოა, რომ უნიკოტინო ელ-სიგარეტები თამბაქოს სხვა პროდუქტების (როგორიცაა ნიკოტინიანი ელ-სიგარეტები, გასახურებელი თამბაქო, ჩვეულებრივი სიგარეტი) უკანონო რეალიზაციის შემნიღბავი საშუალება გახდა. 

აღსანიშნავია რეკლამა სოციალური ქსელების საშუალებით, რომელშიც ძალიან ხშირად ცნობილი სახეებიც არიან ჩართული.

შედეგად ჩვენი ბავშვები და მოზარდები ყოველი მხრიდან გარშემორტყმული არიან თამბაქოს ახალი პროდუქტების რეკლამითა და პოპულარიზაციით. ამის გამო ყალიბდება არასწორი წარმოდგენები, თითქოს ეს პროდუქტები უსაფრთხოა, თითქოს მათი მოხმარება ყველგანაა დასაშვები და ა.შ.

რეკომენდაციები (მოთხოვნები)

  • თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის 5.3 მუხლის აღსრულებისათვის მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიღება, რომელიც დაარეგულირებს თანამდებობის პირებსა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის ურთიერთობების გამჭვირვალეობას;
  • ერთჯერადი ელ-სიგარეტების/ვეიპების იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვა;
  • სპეციფიური არომატების აკრძალვა, მაგ. როგორიცაა მენთოლი, ვანილი, შოკოლადი და მსგავსი;
  • უნიკოტინო ელ-სიგარეტებისა და თამბაქოსთან დაკავშირებული (მ.შ. მცენარეული) ყველა პროდუქტის რეგულირება;
  • 2015 წლის შემდეგ დაბადებულ პირებზე თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტების მიყიდვის აკრძალვა მათი სრულწლოვანების შემდეგ, ანუ 2033 წლიდან
  • თამბაქოს უკანონო ვაჭრობის ოქმზე მიერთება; 
  • თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებაზე მუდმივი მონიტორინგის გაგრძელება და გაძლიერება;
  • ექიმებისათვის პერიოდული სემინარების ჩატარება, რომელიც ფოკუსირებული იქნება თამბაქოს ახალი პროდუქტების მავნეობაზე და ახალი სამკურნალო მეთოდების ეფექტურად დანერგვაზე;
  • თამბაქოზე თავის დანებების სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა და შესაბამისი მედიკამენტების ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში შეყვანა;
  • თამბაქოს ინდუსტრიისთვის სპეციალური გადასახადის ან კომპენსაციის დაწესება მიყენებული ზიანის ნაწილობრივ მაინც ანაზღაურებისა და თამბაქოს კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ღონისძიებების მდგრადად დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *