თბილისში ირანის ისლამური რევოლუციის 45-ე წლისთავთან მიძღვნილი დიპლომატიური მიღება გაიმართა
თბილისში ირანის ისლამური რევოლუციის 45-ე წლისთავთან მიძღვნილი დიპლომატიური მიღება გაიმართა. ღონისძიებას უცხოელი დიპლომატები, სამთავრობო და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ისლამური რევოლუციის 45-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ ირანელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა ირანის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ტურიზმისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.
სიტყვით გამოსვლისას ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მაჰმუდ ადიბმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სათავეს იღებს მრავალსაუკუნოვანი კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო კავშირებიდან. დროთა განმავლობაში ეს კავშირები უფრო გამტკიცდა და მათი წყალობით შეიქმნა ურთიერთგაგებისა და მეგობრობის უნიკალური ხიდი ორ ერს შორის.
“დღეისათვის ირანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. საელჩოს მხარდაჭერით 2023 წელს სამი მნიშვნელოვანი ირანული ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნა, ცნობილი ქართველი ირანისტების მიერ, ამ პროცესის ამსახველია. ასეთი თანამშრომლობა აძლიერებს კულტურულ კავშირებსა და ურთიერთგაგებას ჩვენს ქვეყნებს შორის. ამ კავშირებმა საფუძველი ჩაუყარა ჩვენს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კულტურულ და ეკონომიკურ სფეროში.
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, არაკეთილმოსურნეების მიერ თავსმოხვეული გამოწვევების მიუხედავად, კერძო სექტორის აქტიური მუშაობის წყალობით დინამიურად ვითარდება.
ხალხთა შორის ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის მთავრობების ხელმძღვანელთა პოზიტიურ მიდგომებს, ყოველთვის მზარდია. 2023 წელს ირანის ასი ათასზე მეტმა მოქალაქემ ტურისტული მოგზაურობის მიზნით, არჩევანი საქართველოზე გააკეთა. იმედია, ჩვენი მეგობრობა იქნება ჩირაღდანი, რომელიც გაანათებს გამოწვევების დაძლევისა და წინსვლის გზას. ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც გაგრძელდება ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესი და კიდევ უფრო გაძლიერდება ურთიერთგაგება, საერთო კეთილდღეობა და ერებს შორის მეგობრობა”,-განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.