დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

🟢 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. კონფერენცია გაიმართა მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.

➡️ დავით ნარმანიას თქმით, სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე:

“6 მარეგულირებელი უწყების მიერ უკვე მეორედ იმართება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილე ორგანიზაციებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
სემეკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დაიცვას ბალანსი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სემეკის მიერ მიმდინარეობს კომპანიების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი, რიგ შემთხვევებში ფიქსირდება მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაზეც კომისია მკაცრად რეაგირებს. მხოლოდ 2023 წელს სემეკმა მოქალაქეებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1,5 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. ამასთანავე, არასწორად განხორციელებული დარიცხვის გამო, სემეკმა წყალმომარაგების კომპანიას დაავალა ჯამში 6 მილიონი ლარის უკან დაბრუნება 11 ათასზე მეტი მოქალაქისთვის.

სემეკი, დროის პირდაპირ რეჟიმში, ელექტრონული ჟურნალის საშუალებით აკვირდება კომპანიების რეაგირებას მოქალაქეთა განცხადებებზე. კომპანიების მიერ მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით, 2017 წლიდან დღემდე მოქალაქეებზე კომპენსაციის სახით გაცემულია 13 მილიონ ლარზე მეტი.

ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლება, შეუძლია მომართოს სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს, დეტალურად შევისწავლით ყველა საკითხს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.

სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული პროექტების ეფექტიანობას. ისაუბრა სემეკში მომხმარებელთა განახლებული მისაღების მუშაობის სპეციფიკაზე, კომისიის მიერ მიღებულ გამარტივებულ რეგულაციებზე.

„კომისიაში მოქმედებს დავების განხილვის გამარტივებული წესი, რომლის საფუძველზეც მარტივ და სტანდარტულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება საჯარო სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული ხელს უწყობს მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე კომისიის მიერ დროულ რეაგირებას. უნდა აღნიშნოს, რომ სემეკის მიერ შემუშავებული და სექტორებში მოქმედი მარეგულირებელი წესები მკაფიოდ განსაზღვრავს როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებლების უფლება-მოვალეობებს. ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით, ამოქმედებულია ახალი, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები, რომელშიც სხვა სიახლეებთან ერთად გათვალისწინებულია გადასახადის გადახდის შეღავათიანი პერიოდები პენსიონერებისა და სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მელიორაციის სექტორის რეგულირების მიზნით, შევიმუშავეთ საირიგაციო წყლის მიწოდების წესები – წესები არეგულირებს მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან გარანტირებული და საპროგნოზო წყლის მიწოდებას, მის მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურების პირობებსა და პროცედურებს.

მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის დავნერგეთ ციფრული სერვისები. მათ შორის, *303#-ის მომსახურებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება მობილური ტელეფონის საშუალებით. დღემდე, ამ სერვისზე 5 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.

ეტაპობრივად იზრდება მოთხოვნა იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ მომსახურებებზე. ბოლო მონაცემებით, ამ მიმართულებით 88 368 განაცხადია დაფიქსირებული იუსტიციის სახლში. ამჟამად, ვმუშაობთ ქოლ-ცენტრში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე. საწყის ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი დაინერგება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომსახურების ნაწილში. აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს კომუნალური კომპანიების ქოლ-ცენტრებში ლოდინის ხანგრძლივობას შემცირებას,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

11-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრებმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა. საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *