ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიში წარადგინა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების, რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
„მთავრობის პროგრამის სახელწოდებაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის,“ რასაც პასუხობს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, მაგრამ, ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური გაგრძელება იყო იმ მრავალწლიანი შრომისა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გასწია 2014 წლის შემდეგ. ეს იყო რთული გზა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, რომლის ერთი ეტაპიც ჩვენ წარმატებით დავძლიეთ“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში (2024 წლის 15 იანვარს) ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“ 2024-2026 წლისათვის.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალური თუ რეგიონული გამოწვევების ფონზე, ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტენდენციებით საქართველო კვლავ მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს შორის. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ სტაბილურად გაგრძელდება.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს გაუტოლდა, მათ შორის თებერვალში 9.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო სამი წლის განმავლობაში (2023 წელს, 2020 წელთან შედარებით) დოლარში გამოხატული მშპ ერთ სულზე თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 8,210 დოლარი შეადგინა, ხოლო ლარში გამოხატული მშპ ერთ სულზე 21,575 ლარი იყო. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის პროგნოზით, 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ. დოლარს გადააჭარბებს.
„2023 წელს საქონლის ექსპორტის რეკორდული მოცულობა – 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი დაფიქსირდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე რეკორდულ მაჩვენებელს – 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა – ბოლო სამ წელიწადში ქვეყანაში დაახლოებით 5 მილიარდი აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2023 წლის მდგომარეობით, გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც და მშპ-თან მიმართებით 4.3% შეადგინა (2022 წელს – 4.5%), ასევე ნარჩუნდება მისი დაფინანსების ჯანსაღი სტრუქტურა. რაც შეეხება ინფლაციის დონეს – 2023 წლის აპრილიდან ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, 2023 წლის საშუალო წლიური ინფლაცია კი 2.5% შეადგენს. ამასთან, ბოლო 10 თვის განმავლობაში ინფლაციის დონე 1 %-ზე ნაკლებია. 2023 წელს ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა უმუშევრობის დონე, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი – 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „შუა დერეფნის“ როლზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა. მისი განცხადებით, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობას გააგრძელებს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებითაც გააქტიურდება მუშაობა – ქვეყნის ახალი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობას ააქტიურებს DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით. ამასთან, ევროკომისიასთან ერთად შემუშავდა 2024-2025 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (PAP), რომლიც 2024 წლის ბოლომდე იქნება მიღებული.
რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიას – ლევან დავითაშვილის პროგნოზით, წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 4.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, ქვეყანა 7.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს. „ტურიზმის სექტორი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება, მათ შორის, რეგიონსა თუ მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად. 2023 წელს ქვეყანაში განხორციელდა 7.1 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი, რაც 2019 წლის მონაცემების 75.6%-იანი აღდგენაა“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2023 წელს ინდუსტრიიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც საქართველომ არა მხოლოდ აღადგინა, არამედ 26.2%-ით გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ შედეგს. მისი თქმით, სახეზეა ასევე ტურისტული ვიზიტების წილის მდგრადი ზრდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაში, რაც 4.7 მილიონ ვიზიტს შეადგენს და 2019 წლის მონაცემების 91.9%-ან აღდგენას უტოლდება. ამასთან, გრძელდება ინვესტიციების ზრდა ტურიზმის სექტორში. 2024-2027 წლებში დაგეგმილი პროექტებით, 1 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება განთავსების ობიექტების შექმნაში. შედეგად, ქვეყანას დაემატება 320-მდე ახალი განთავსების ობიექტი, 37,100-მდე საწოლი ადგილით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება 9,300-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
2024 წელს მოსალოდნელი შემოსავლების ზრდა საერთაშორისო ტურიზმიდან 2023 წელთან შედარებით 9%-იანი, ხოლო, 2019 წელთან შედარებით 37.5%-იანი ზრდა იქნება. ამასთან, საქართველოში 7.9 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდება, რაც 2023 წელთან შედარებით 11.2%-იან ზრდას შეადგენს. გარდა ამისა, პროგნოზის თანახმად, საქართველო 5.2 მილიონ ტურისტულ ვიზიტს უმასპინძლებს, რაც, თავის მხრივ 2023 წელთან შედარებით 12.1%-იან ზრდას წარმოადგენს.
ლევან დავითაშვილმა საპარლამენტო გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სატრანსპორტო – ლოგისტიკურ პროექტებზეც. მისი განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია იმ რეალური პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა, რაც საქართველოს რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს. „ამ კუთხით განსაკუთრებულ დატვირთვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი იძენს, რომელიც გეგმის მიხედვით ვითარდება,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისი ინფორმაციით, 2024 წელს შეირჩევა ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი, ასევე დაიწყება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – საერთაშორისო ტენდერი საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად უკვე გამოცხადებულია.
მინისტრის ინფორმაციით, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებითაც. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს და საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს.
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ავიაციის სექტორში. მისი თქმით, 2024 წელს იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება – პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს 18 მილიონზე მეტი მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება. მიმდინარე წელსვე გაგრძელდება მუშაობა ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განვითარების მიზნით. ასევე გრძელდება შიდა ფრენების სტიმულირება და შიდა აეროპორტების მშენებლობა – განვითარება. კერძოდ, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობის დაწყება და სრული მოდერნიზაცია, აგრეთვე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობის დაწყება.
„2023 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის. საქართველოს აეროპორტები ჯამურად 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ამასთან, გასულ წელს რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. 6%-ით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც. დაგეგმილი აქტივობების კვალდაკვალ მოლოდინი გვაქვს, რომ 2024 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურება რეკორდული რაოდენობის – 7 მილიონამდე მგზავრს, რაც 14%-იანი ზრდა იქნება 2023 წლის მგზავრთნაკადთან შედარებით“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.