მორიგი რუსული დესანტი საქართველოში
დღეს, როდესაც ხელისუფლება უცხოეთიდან არაჯანსაღი ძალების დაფინანსებაზე დაობს, გაუგებარია რატომ უშვებს საქართველოში მორიგი რუსული დესანტის თარეშს. სხვანაირად შეუძლებელია შეაფასო, რუსეთის მომხმარებელთა კონფედერაციის თავმჯდომარის დიმიტრი იანინის ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით დაშვება. გარდა იმისა, რომ მისი ორგანიზაცია რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან ფინანსდება, თბილისში გამოჩენამდე იანინი ოკუპირებულ აფხაზეთსაც სტუმრობდა, რასაც რატომღაც ხელი საერთოდ არ შეუშლია საქართველოს საზღვარზე დაუბრკოლებლად შემოსვლაში.
რუს გავლენიან პირს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციასთან, რომელთან ერთადაც, რამდენიმე თვის წინ, აპირებდა შეექმნა ახალი ორგანიზაცია, რომლითაც ევროკავშირის და სხვა დონორებისაგან დაფინანსებას მოიზიდავდნენ, მაგრამ რუსეთის მიმართ სანქციების პირობებში ჩანაფიქრი ვერ გამოუვიდათ.
იანინის მეუღლის, ნატაშა ტროპოვას ორგანიზაცია „ჯანსაღი ინიციატივები“ (რომელიც სახელწოდების გარდა არაფერ კავშირშია ჯანსაღ ინიციატივებთან) ფინანსდება თამბაქოს კომპანია „ფილიპ მორისის“ სპეციალური ფონდიდან „მოწევისაგან თავისუფალი მსოფლიო“ და ძალისხმევას არ აკლებს თამბაქოს ახალი პროდუქტები ნაკლები ზიანის მომტანად გაასაღოს. სწორედ ამ მიზნით, თბილისში ვიზიტამდე, იანინმა და ტოროპოვამ პრაღაში გამართეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელთა კონფერენცია „თამბაქოს უკანონო ვაჭობის“ საკითხებზე. რაღა თქმა უნდა, კონფერენციაც „ფილიპ მორისის“ ფონდიდან დაფინანსდა. საქართველოდან მონაწილეობდნენ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები. აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანი იყო „ფილიპ მორისის“ ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტის სამედიცინო პერსონალის საშუალებით პოპულარიზაცია, რაც ჩვენს ქვეყანაში კანონით იკრძალება. ამიტომაც გაუგებარია, რა მოტივით დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ იანინის საქართველოში ვიზიტი, თანაც საქმიანი და რატომ არ მიიჩნევს მის საქმიანობას ჩვენი ქვეყნის და ქართველი საზოგადოებისთვის სახიფათოდ?!
რუსეთის სახელმწიფო ინტერესების წარმომადგენლის, დიმიტრი იანინის სტუმრობის მთავარი მიზანი პრაღის (არამარტო) კონფერენციაში მონაწილე, ყოფილ ქართველ მაღალჩინოსნებთან, მათი დაკვეთის შემსრულებელ მოქმედ პოლიტიკოსებთან, მედია საშუალებებთან, „მმართველობის მონიტროინგის ცენტრთან“, ბიზნეს ასოციაციასთან, მომხამრებელთა ფედარაციასთან და სხვა მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებაა. არადა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები თითქოს ევროინტეგრაციის პოლიტიკის დამცველები არიან საქართველოში.
მიგვაჩნია, რომ სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ დიმიტრი იანინის საქართველოში „ვიზიტის“ რეალური მიზნები, მისი საეჭვო კავშირები ცალკეულ პირებთან და ორგანიზაციებთან და ისიც, აფხაზეთში ნამყოფი დაუბრკოლებლად როგორ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.