იტალიური წარმოების ეროვნული დღე
ხელოსნობიდან ტექნოლოგიურ ინოვაციებამდე, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარებიდან ავტომატიზაციის სისტემებამდე, სოფლის მეურნეობისა და ენოგასტრონომიული პროდუქციიდან ავტომობილებამდე, მოდასა და დიზაინამდე – იტალიური ნაწარმი სტილის, გემოვნებისა და ხარისხის სიმბოლოდაა აღიარებული. კონცეფცია „Made in Italy“ („დამზადებულია იტალიაში“) ნამდვილ სავაჭრო ნიშნად იქცა, რომელიც მხოლოდ წარმომავლობაზე კი არა, თვითმყოფად და განუმეორებელ იდენტობაზეც მიუთითებს.
იტალიური წარმოების დღე, რომელიც იტალიურ კრეატიულობასა და ნაწარმს ეძღვნება, აღინიშნება 15 აპრილს – დღეს, როდესაც ლეონარდო და ვინჩი, დიდი იტალიელი მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი და ინოვატორი და კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი დაიბადა. ამ დღეს თბილისში, დიზაინის ინსტიტუტში გაიმართა იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იქნა “იტალიური წარმოების, კულტურული მემკვიდრეობისა და ოსტატობის წარმოჩინება და პოპულარიზაცია“.
ღონისძიებას, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო გახსნსეს. გაიმართა საქართველოში მომუშავე იტალიელი მეწარმეების პრეზენტაციები: დიზაინის ინსტიტუტის ლექტორი, ბრენდისა და შეფუთვის დიზაინერი იაკოპო სალერი ისაუბრა დიზაინისა და ეტიკეტის როლზე ღვინის წარმოებაში; ვენეტოს რეგიონის მეღვინეობა “Falezze”-ს წარმომადგენელი დავით გუგავა სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარა; „მასტერშეფის“ ფინალისტი დიეგო ბუტილიონე, რომელმაც ქართული სატელევიზიო აუდიტორიის სიმპათია დაიმსახურა, სტუმრებს მრავალფეროვანი იტალიური სასურსათო პროდუქციის დეგუსტაცია შესთავაზა; EliPlanet-ის დამფუძნებელი ლიკა კურტანიძე კი სტუმრებს ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურად სუფთა იტალიურ ნაწარმს გააცნო.
ღონისძიებაზე იტალიის სიამაყედ ქცეული საავტომობილო წარმოება და მთელ მსოფლიოში ელეგანტურობისა და ხარისხის სიმბოლოდ აღიარებული იტალიური მოდაც იქნა წარმოდგენილი: ღონისძიების სტუმრებს Alfa Romeo-ს ავტომობილების ექსპოზიცია და ცნობილი ფეხსაცმლის ბრენდი Geox-სა და 50-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი ისტორიული ბრენდი Replay-ს კოლექციები.