ანტიკური კოლხეთის ქალაქი ვანი ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენას მასპინძლობს

მუზეუმების საერთაშორისო დღე, 18 მაისი, საქართველოში აღინიშნება ქ. ვანში გამოფენის „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ გახსნით. ექსპოზიციას, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს.

გამოფენა, რომელიც მოიცავს გასაოცარ არქეოლოგიურ მასალას იტალიის სამი მუზეუმიდან (კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმების კოლექციებიდან), მნახველს სთავაზობს, იმოგზაუროს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნოს ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, მათ წარმოდგენებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, დამწერლობასა და ადამიანთა გამოსახულებებს.

გამოფენის მიზანია, კანოპების, სკულპტურების, ბუკეროსა და ბრინჯაოს ჭურჭლის, კერამიკული და ოქროს ნაკეთობების მეშვეობით წარმოაჩინოს ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნება. გამოფენილ ექსპონატებს შორის კოლხეთთან დაკავშირებული ორი ნაკეთობაცაა: ძვ.წ.400-380წწ. დათარიღებული თიხის კრატერი (თასი) და ბრინჯაოს სარკე (ძვ.წ.300-275წწ.) არგონავტების მითის გამოსახულებით.

გამოფენას, რომლის კურატორები არიან ანტონელა მაგანინი და კიუზის მუზეუმის დირექტორი ფაბრიციო ვალელონგა არიან, იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გახსნიან. ღონისძიებას დაესწრებიან ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი მარიო იოცო, კიუზის მუზეუმის დირექტორი ფაბრიციო ვალელონგა, ანტონელა მაგანინი და Glocal Project Consulting-ის ხელმძღვანელი ალესია აუტუორი.

გამოფენა, რომელიც საქართველოში ხორციელდება იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და იტალიური კომპანია “Glocal Project Consulting“-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დარჩება.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *