სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ორი პოეტის – რობერტ მესხისა და ტილიო ტილევის ბილინგვური ლექსების კრებულის წარდგენა
26 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში“ (ბულგარული დარბაზი) გაიმართა ორი პოეტის – რობერტ მესხისა და ტილიო ტილევის ბილინგვური ლექსების კრებულის წარდგენა, რომელსაც კრებულის ავტორებთან ერთად ესწრებოდნენ: ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ვესელინ ვალკანოვი თანმხლები პირებითურთ, სსუ რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები.
ღონისძიებას უძღვებოდა სსუ საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, რომელმაც დარბაზში შეკრებილთ წარუდგინა ბულგარელი სტუმრები – პოეტი ტილიო ტილევი, მისი მეუღლე გერგანა და ქალ-ვაჟი. ტილევების ოჯახი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია, ისევე როგორც მათი სამშობლო ბულგარეთი, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი თბილი და მეგობრული, სულიერი და კულტურული ურთიერთობები აკავშირებს. ამჯერად ეს ტრადიცია ორენოვანი წიგნის გამოცემით გააგრძელეს ქართველმა და ბულგარელმა პოეტებმა.
ტილიო ტილევი პლოვდივის პაისიი ქილენდარელის უნივერსიტეტის გამომცემლობის უფროსი და გაზეთ „პლოვდივის უნივერსიტეტის“ რედაქტორია. ექვსი პოეტური კრებულის ავტორს თავის სამშობლოში დუმილის პოეტს უწოდებენ, რადგან მის ლექსებში საკრალური, იდუმალი სახეები ჭარბობს. წიგნის რედაქტორი და ბულგარული ბწკარედის ავტორია ქალბატონი ივანა პეტკოვა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართულ-ბულგარული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს: ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ვესელინ ვალკანოვმა, სსუ რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პოეტმა მარინა ტურავამ, პოეტებმა – დარიკო ფიფიამ და მანონ ბულისკერიამ, ბულგარული ენისა და კულტურის მასწავლებელმა ივანა პეტკოვამ, ბიბლიოთეკარმა მანანა გელენავამ.
ტილიო ტილევმა და რობერტ მესხმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და თარგმანები.
დასასრულ, ბულგარელმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის