მონიტორინგის ინსპექტირება რეგულარული და მოულოდნელი უნდა გახდეს
საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყ ოველთვიურად მიმიდინარე მონიტორინგის შედეგად ფიქსირდება დარღვევები როგორც თამბაქოს ნაწარმის მოხმარების (დახურულ სივრცეში ჩილიმის და ელექტრონული, ან გასახურებელი თამბაქოს მოხმარება), ისე ვაჭრობისა და რეკლამის კუთხით.თამბაქოს ინდუსტრია პერიოდულად ააქტიურებს ე.წ. “პრომო გოგონებს“, რომლებიც სავაჭრო ქსელებში და პოპულარულ ტურისტულ ზონებში მომხმარებლებს კანონის დარღვევით აწვდიან თამბაქოს ნაწარმის შესახებ სარეკლამო ინფორმაციას. ასეთი ქმედება არა მხოლოდ კანონდარღვევაა, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას, რადგან ამ აქციების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაითრიონ თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის მოხმარებაში.აღნიშნულ შემთხვევაში, კანონის დარღვევის ფაქტზე გათვალისწინებული ჯარიმა ეხება როგორც პრომო გოგონას და მის დამქირავებელს, ასევე ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც მის კუთვნილ ტერიტორიაზე, ან სივრცეში პერსონალური კომუნიკაციის უფლებას აძლევს (უთმობს ფართს) თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების შესაბამისად მოქმედ პირს, ე.წ. პრომო პერსონას. მიუხედავად იმისა, რომ საჯარიმო სანქციები მოცულობითია (1000-დან 5000ლარამდე), სამწუხაროდ, ქსელური სავაჭრო მაღაზიები არ ერიდებიან მსგავსი ტიპის კანონდარღვევებს, რადგან დაჯარიმების შეთხვევაში თამბაქოს ინდუსტრია, შესაძლოა, თავად ახდენდეს ამ საჯარიმო სანქციებით დაკისრებული ჯარიმების ანაზღაურებას, რაც გამოძიების საგანია.მნიშვნელოვანია ისიც, რომ თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის სალიცენზიო პირობების უქონლობის გამო, სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან მხოლოდ 50 მეტრის რადიუსშია აკრძალული თამბაქოს პროდუქტის რეალიზაცია, თუმცა სავაჭრო ობიექტები, განსაკუთრებით ქსელური მარკეტები ხშირად არღვევენ ამ წესს და იხდიან ჯარიმებს. აქაც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თამბაქოს ინდუსტრია ფარავს ჯარიმებს. შესაბამისად, სალიცენზიო პირობების შემოღებამდე აუცილებელია საჯარიმო სანქციების მნიშვნელოვანი და რადიუსის მინიმუმ 100 მეტრამდე გაზრდა, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ კანონის აღსრულების და რეფორმული პროცესების გასაუმჯობესებლად საჭიროა მონიტორინგის გაძლიერება როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური და ფინანსური რესურსებით, რათა ინსპექტირება ფართომასშტაბიანი გახდეს. აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინტენსიური საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სოციალური მედიის აქტიური გამოყენება ინფორმაციის გასავრცელებლად. ამ პროცესში კანონის აღსრულებით დაკავებულ სტრუქტურათა წარმომადგენლების და ცნობილი სახეების ჩართვა კამპანიებში, რაც აუცილებელია ჩატარდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი სახელმწიფო, საკომუნიკაციო პროგრამების ფარგლებში. სამწუხაროდ, როგორც წინა წლების შემთხვევაში, ამჯერადაც არ დაწყებულა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტების მოქმედება. არადა, საშურია სისტემატური ხასიათი მიეცეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას თამბაქოს გარეშე, ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის წახალისებას.ასევე, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ახსოვდეს, რომ თამბაქოს კონტროლი არა მხოლოდ სამართლებრივი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. თამბაქოს კონტროლის კანონის ეფექტური აღსრულება საქართველოში მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს როგორც მკაცრ რეგულაციებს, ასევე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა შევძლებთ შევქმნათ უფრო ჯანსაღი და თამბაქოსგან თავისუფალი გარემო ჩვენი და მომავალი თაობებისთვის.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი