მიგრაციის ზეგავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სამუშაო ძალაზე
ემიგრაციის ძირითადი მახასიათებლები საქართველოსთვის
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, საქართველო უკვე ათწლეულებია, მიიჩნევა ემიგრაციის ქვეყნად, სადაც მზარდია ოჯახების კეთილდღეობის ძიების მიზნით შრომითი ემიგრაციის სხვადასხვა ფორმები. მიგრაციის არარეგულარული ხასიათის გამო, რთულია მისი ზუსტი მაჩვენებლების განსაზღვრა. საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობის შესახებ მონაცემთა რამდენიმე წყარო არსებობს. UN DESA-ს უახლესი მონაცემებით,[1] 2020 წელს საქართველოდან ემიგრანტების საერთო რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია და რომლის 51 პროცენტიც არის ქალი.[2] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით[3] კი, 2023 წლისთვის, ემიგრანტების საერთო რაოდენობამ 245 064 შეადგინა (44% ქალი), სადაც 163 480 ადამიანი იყო საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათწლეულში 59%-ით გაიზარდა ემიგრანტების რაოდენობა.
ემიგრაციის მზარდი მაჩვენებელი და გამომწვევი მიზეზები ასევე კარგად ჩანს საზოგადოებრივი აზრის კვლევებშიც. 2023 წლის დეკემბრის გამოკვლევის მიხედვით, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობდა. ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალია ეთნიკური უმცირესობების დასახლებების მაცხოვრებლებს, ახალგაზრდებს, კაცებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.[5] მიუხედავად იმისა, რომ, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკური ინდიკატორები სტაბილურად უმჯობესდება, იკლებს უმუშევრობის და სიღარიბის დონე, საზოგადოებრივი გამოკითხვები ყოველწლიურად აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა არ შეესაბამება მოსახლეობის განწყობებს – ემიგრაციის მთავარი მიზეზი კვლავ დაბალი ხელფასები (65%) და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა (56%).
ოჯახების კეთილდღეობის ძიებისას ადამიანებს დიდი ფინანსური და ფიზიკური რისკების აღება უწევდათ და დღემდე ასეა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ემიგრაციის პროცესი ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების (2017) შემდეგ უფრო გამარტივდა. თუმცა, უვიზო რეჟიმი მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს (90 დღე ყოველი 180 დღიდან) მოიცავს და არ ეხება, მაგალითად, ქვეყნიდან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით წასვლას. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საზღვრის ლეგალური გადაკვეთის შემდეგ მოქალაქეები არღვევენ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადებს, ან წარადგენენ თავშესაფრის შესახებ განაცხადს. ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, თუმცა ძალიან დაბალია ამგვარ განაცხადთა დაკმაყოფილების საერთო მაჩვენებელი (4%)[7] და ხშირ შემთხვევაში, ქართველი თავშესაფრის მაძიებლები ეკონომიკურ მიგრანტებად მოიხსენიებიან. მექსიკის გავლით აშშ-ში მოხვედრა საქართველოდან შრომითი მიგრაციის ახალი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებით სახიფათო, ხანგრძლივი და ძვირია.
შრომითი ემიგრაციის გავლენები
ემიგრაციის ეკონომიკური გავლენა: შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილები ქვეყნის მშპ-ის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური შემადგენელი ნაწილი და შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, უშუალოდ მუშაკთა გზავნილებმა 2023 წელს 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის დაახლოებით 8 პროცენტია და ეს მაჩვენებელი 2018 წლიდან სტაბილურად მზარდია.