საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030 დამტკიცდა
საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030“ დაამტკიცა. დოკუმენტი მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და არსებული პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მომზადდა.
სტრატეგია განვითარების პარტნიორების მხარდაჭერითა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით მომზადდა. იგი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.
სტრატეგიული ხედვის შესაბამისად, მეწარმეობის ხელშეწყობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, 2030 წლისათვის მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრება და მუშაობა გახდება უფრო მიმზიდველი. ამასთანავე, დროთა განმავლობაში, შემცირდება სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობები როგორც მაღალმთიან და არამაღალმთიან მუნიციპალიტეტებს შორის, ისე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებსა და საშუალო ეროვნულ მაჩვენებლებს შორის.
ხედვის მისაღწევად სტრატეგია ითვალისწინებს სამ მიზანს:
- მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით;
- მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკის სტიმულირებაზე და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება;
- მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
სტრატეგიის მიზნები მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, გადამამუშავებელი სექტორის, მთის ნიშური პროდუქციის წარმოების და ტურიზმის მხარდაჭერას, ბიზნესის და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, უნიკალური ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას, ბუნებრივი რესურსების მდგრადi მართვის და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარებას, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ტერიტორიული მარკეტინგის გზით, მთაში ცხოვრებისა და მუშაობის პოპულარიზაციას.
სტრატეგიით შემუშავებული ხედვის მისაღწევად კონკრეტული ღონისძიებები გათვალისწინებულია სამწლიან სამოქმედო გეგმაში. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა მეწარმეობის, მათ შორის, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება, საბავშვო ბაღების და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ურბანული არეალების განახლება, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, სპორტული ობიექტების მოწყობა-აღჭურვა, წყალმომარაგების, გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა, გაზიფიცირება, მეტეოროლოგიური დაკვირვების სადგურ-საგუშაგოს დამონტაჟება-გამართვა, ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით თემატური ღონისძიებების, პრეს&ინფო ტურების და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება.
სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარზე მეტია.