საქართველოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი

საქართველოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი
კვლევის შედეგების პრეზენტაცია
18 სექტემბერი, 2024
თბილისი, საქართველო .

რა არის საჯარო-კერძო თანამშრომლობა? 

საჯარო-კერძო თანამშრომლობა არის საკონტრაქტო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მთავრობა თანამშრომლობს კერძო სექტორთან ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მართვის მიზნით, როგორიცაა გზები და საგზაო მაგისტრალები, განახლებადი ენერგიის სადგურები, საავადმყოფოები და სკოლები. საჯარო-კერძო თანამშრომლობა შესაძლოა ასევე გამოიყენოს მთავრობამ, რათა კერძო სექტორს სამართავად გადასცეს არსებული საჯარო ინფრასტრუქტურა მეტი ეფექტიანობისთვის. 



რა არის საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი? 

საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი არის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთ-ერთი მთავარი პუბლიკაცია. ის მონიტორინგს უწევს საჯარო-კერძო თანამშრომლობის ხელშემწყობ გარემოს ADB-ის წევრ განვითარებად ქვეყნებში აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მასშტაბით. საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი არის მონაცემებზე დამყარებული, ინტერაქტიული ონლაინ გამოცემა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს შეადაროს საჯარო-კერძო თანამშრომლობის მთავარი პარამეტრები და დამხმარე საშუალებები განვითარებად წევრ ქვეყნებს შორის.  

ვის შეუძლია საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორის გამოყენება?

საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი ინფორმაციას აწვდის ინვესტორებს მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს, პოლიტიკის, პრიორიტეტული სექტორებისა და გარიგებების შესახებ, ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით.  

ADB-ის წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორს აქვს სადიაგნოსტიკო ხელსაწყოს ფუნქცია მათ იურიდიულ, სარეგულაციო და ინსტიტუციურ ჩარჩოებში საჭიროებების აღმოსაჩენად. 

საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორი ასევე სარგებლის მომტანია ADB-სა და სხვა საერთაშორისო განვითარების სააგენტოებისთვის, რადგან ის შესაძლოა გახდეს დიალოგის წამოწყების საფუძველი, თუ რამდენადაა ქვეყანა მზად საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამართავად.

რა არის საქართველოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის მონიტორის მთავარი საკითხები? 

  • საქართველოს აქვს საჯარო-კერძო თანამშრომლობის საწყის სტადიაზე მყოფი, მაგრამ განვითარებადი ეკოსისტემა.
  • ADB მრავალი წელია ჩართულია საქართველოში საჯარო-კერძო თანამშრომლობის პროგრამის განვითარებაში. კერძოდ, ხელს უწყობს ქვეყანაში საჯარო-კერძო თანამშრომლობის იურიდიული ჩარჩოს ჩამოყალიბებას. 
  • მთავრობა აფასებს საჯარო-კერძო თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ალტერნატიულ გზას და ავითარებს საჯარო-კერძო თანამშრომლობის ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, იურიდიულ და სარეგულაციო ჩარჩოს. 
  • 2018 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი საჯარო-კერძო თანამშრომლობის შესახებ. მას მოჰყვა განკარგულებების პაკეტი საქართველოში საჯარო-კერძო თანამშრომლობის დანერგვისა და განხორციელებისთვის. 
  • საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონი და კანონქვემდებარე აქტები მომზადდა ADB-ის ხელშეწყობით, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოში საჯარო-კერძო თანამშრომლობის შესყიდვებისა და მართვის იურიდიული ბაზა. ეს მოიცავს საჯარო-კერძო თანამშრომლობის როგორც შეღავათიან, ისე უშეღავათო ფორმებს. ის განსაზღვრავს საჯარო-კერძო თანამშრომლობის არსს და შესაბამისობის კრიტერიუმს, პროექტის განვითარებისა და მართვის სხვადასხვა ეტაპს და საჯარო-კერძო თანამშრომლობის პროექტებში რელევანტური ორგანიზაციების გამოვლენას, შეფასებას, მომზადებას, შესყიდვებს და მართვას, ფუნქციების ჩათვლით. ის ასევე ადგენს დავათა გადაჭრის პროცესს და გაუთვალისწინებელი ხარჯების ვალდებულებების გამოვლენასა და მართვას.  
  • საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონი და კანონქვემდებარე აქტები ასევე მოითხოვს ოფიციალური საჯარო-კერძო თანამშრომლობის ინსტიტუციური სტრუქტურის, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს შექმნას, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში შეიქმნა და თანამდევი რისკებისა და ფინანსური მართვის ფუნქციის დაკისრება ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურისთვის. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ამუშავდა 2019 წელს და საჯარო-კერძო თანამშრომლობის გამოვლენის, შეფასების, შესყიდვების, განხორციელებისა და მეთვალყურეობის გზამკვლევები განვითარდა საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონისა და დამხმარე ქვემდებარე აქტების ხელშესაწყობად. 

რამდენი საჯარო-კერძო თანამშრომლობა განვითარდა საქართველოში? 

1990-დან 2023 წლამდე საქართველოში დაახლოებით 42 საჯარო-კერძო თანამშრომლობის პროექტი განხორციელდა სხვადასხვა დარგში (მაგ. აეროპორტები, ენერგეტიკა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წყალი და წყალარინება, და სოციალური ინფრასტრუქტურა) და წარმატებით მოხდა ანგარიშგების წარმოდგენა. ამ პროექტებში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია უტოლდება დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს.

თუმცა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიხედვით, 2018 წელს საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონის მიღების შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე ახალი საჯარო-კერძო თანამშრომლობის პროექტის წამოწყება და ფინანსური ანგარიშგების წარმატებით დახურვა მოხდა და ყველა მათგანი ენერგეტიკის სექტორში განხოციელებული პროექტია. 

რა გამოწვევებია საჯარო-კერძო თანამშრომლობის მიმართულებით?

მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული საჯარო-კერძო თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა და სააგენტოს მიერ ინიცირებული სასწავლო პროგრამები. მიუხედავად ამისა, მცირეა სამომავლოდ განსახორციელებელი დაგეგმილი პროექტების რაოდენობა და დასაძლევია მნიშვნელოვანი გამოწვევები. მათ შორისაა საჯარო-კერძო თანამშრომლობის დაბალი ცნობადობა; მთავრობის ადმინისტრაციაში ამ მიმართულებით შეზღუდული ცოდნა; საჯარო-კერძო თანამშრომლობის ინიციატივების სიმცირე როგორც მუნიციპალიტეტების, ისე ქვეყნის მასშტაბით და ასევე პროექტების განვითარების ფონდის არარსებობა.

რას აკეთებს ADB საქართველოში საჯარო-კერძო თანამშრომლობის ხელშესაწყობად?

ADB-მა ხელი შეუწყო საქართველოში საჯარო-კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, გზამკვლევების დანერგვას, შეღავათიანი შეთანხმებების მოდელირებასა და წლიური ფისკალური რისკების ანგარიშების შექმნას. ბანკი აგრძელებს მხარდაჭერას საჯარო-კერძო თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ADB-ის პარტნიორი ამ მიმართულებით არის საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო. 

ADB ეხმარება საქართველოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, მათ შორისაა დღევანდელი ღონისძიება. მიმდინარე წლის ოქტომბერში ADB ჩაატარებს საჯარო-კერძო თანამშრომლობის შესახებ სასწავლო კურსს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შესაძლებლობების გაღრმავებისა და სამომავლო პროექტების დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით.
ADB ასევე ახორციელებს მოკვლევას ხელმისაწვდომი სახლების პროექტში საჯარო-კერძო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესაფასებად და ჩასართავად. ADB-ს ასევე დაწყებული აქვს საუბრები მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურასთან საჯარო-კერძო თანამშრომლობის პოტენციურად საპილოტე პროექტების გამოსავლენად და მოსამზადებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *