ADB-მ საჯარო და კერძო თანამშრომლობის მონიტორის პრეზენტაცია მოაწყო
2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა და წარადგინა პუბლიკაცია სახელწოდებით „საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მონიტორი“. დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს როგორც საჯარო და კერძო თანამშრომლობის გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირება, ასევე წამყვან ექსპერტებს შორის ვრცელი კვლევებისა და თანამშრომლობის გაზიარება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აზიის განვითარების ბანკის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ბატიაშვილი მოწვეული სტუმრების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან ისაუბრა საჯარო და კერძო თანამშრომლობის საქართველოში მოქმედ ჩარჩოზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და სფეროში არსებულ მთავარ გამოწვევებზე.ლევან ბატიაშვილმა თავის გამოსვლაში აგრეთვე ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას. აღნიშნულ პროექტებს აქვთ პოტენციალი ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება სხვა დარგებზეც. დამატებით, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული პროექტის – თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრისის – განხორციელების პოტენციალსა და შესაძლებლობებზე.ADB-ის წარმომადგენელმა, ბაზრების განვითარებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის სპეციალური ინიციატივებისა და ფონდების ოფისის დირექტორმა – ადრიან ტორესმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ახალი პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მექანიზმების დანერგვას და იმ პოტენციური ნეგატიური შედეგების პრევენციის ინსტრუმენტების შექმნას, რომელთა არსებობა გარდაუვალია მასშტაბური პროექტების განხორციელების პროცესში.აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დაარსების დღიდან უჭერს მხარს და აქტიურადაა ჩართული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში.