ნეაპოლური თეატრალური დასის “Teatri 35” სპექტაკლმა თბილისში დიდი წარმატებით ჩაიარა
“გრძელდება ჩვენი საელჩოს ძალისხმევა იტალიური კულტურის მრავალფეროვნებისა და იტალიის კულტურული მემკვიდრეობის საქართველოში უკეთ წარმოჩენისა და პოპულარიზაციისთვის. დღეს ჩვენ საქართველოში ისევ ჩამოვიტანეთ ორი იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოსა და რაფაელის ხელოვნება, მაგრამ ამჯერად არა გამოფენის, არამედ თეატრალური წარმოდგენის სახით, რომელშიც თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკაა შერწყმული“, – ამ სიტყვებით მიმართა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს.
19 სექტემბერს 20 წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტულმა თეატრალურმა დასმა “Teatri 35” კამპანიის რეგიონიდან კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე წარმოადგინა სპექტაკლი, რომელიც მიქელანჯელოს გენიალურ ქანდაკებებსა და რაფაელის ღვთაებრივ ფერწერას ეძღვნება. დასის მსახიობებმა (გაეტანო კოჩამ, ფრანჩესკო დე სანტისმა, ანტონელა პარელამ, ნიკოლა ვარალომ, ანდრეა ლოფამ, ვიტორია რეინა ნეგრიმ და მარტინა მირკომ) იტალიური რენესანსის ორი უდიდესი წარმომადგენლის ოცამდე შედევრი ჟესტების, ფერების, გამოსახულებებისა და მუსიკის მეშვეობით გააცოცხლეს.
წარმოდგენა გაიმართა ვივალდის, ბახის, ჰენდელის და ბაროკოს პერიოდის სხვა კომპოზიტორების, კორელის, მერულასა და ლოკატელის მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით, რომლებიც თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“, შესანიშნავმა ქართველმა თეორბისტმა გიორგი კუზანაშვილმა და ნიჭიერმა აზერბაიჯანელმა კონტრტენორმა ილჰამ ნაზაროვმა შეასრულეს.
თეატრალური წარმოდგენა „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ ერთ-ერთი ღონისძიებაა პროგრამიდან, რომელსაც იტალიის საელჩო კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2024 წლის შემოდგომაზე ჩაატარებს. სპექტაკლის საქართველოში წარდგენა იტალიის საელჩოს მიერ 2024 წელს ორგანიზებული კულტურული ღონისძიებების სპონსორის, თიბისი ბანკისდახმარებით განხორციელდა.
ნეაპოლური თეატრალური დასის სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.