იტალიური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუციის, Cassa Depositi e Prestiti-ს (CDP) პირველი ინვესტიცია საქართველოში.
თბილისში გაიმართა იტალიის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუციის, Cassa Depositi e Prestiti-სა (CDP) და თიბისი ლიზინგს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია.
ეს გახლავთ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში: საქმე ეხება საკრედიტო რესურსს 10 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც თიბისი ლიზინგმა მიიზიდა. ეს ინიციატივა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა და ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებაა.
ხელმოწერის ცერემონიას მრავალრიცხოვანი სტუმრები და მომხსენებლები, მათ შორის, თიბისის, CDP-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ჩაფიძემ.
“იტალიის ინდუსტრიისთვის მცირე და საშუალო საწარმოები უაღრესად მნიშვნელოვანია. CDP-სა და თიბისი ლიზინგის პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია ეს სექტორი იტალიის სახელმწიფოსთვის და თვალნათლივ აჩვენებს იტალიის სურვილს, გაუზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს, რომელიც გამოირჩევა დინამიკური მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებით“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – „ვიმედოვნებთ, რომ ფინანსურ ბაზარზე წვდომის გამარტივებით, ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ბენეფიციარი საწარმოების განვითარებას, რაც ნათლად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და, ზოგადად, ქართული საზოგადოების კეთილდღეობაზე. მოხარული ვარ, რომ იტალიას, CDP-ს სახით, შეუძლია საკუთარი წვლილი ამ დარგშიც შეიტანოს და ამით კიდევ ერთხელ დააადასტუროს იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პოზიტიური თანამშრომლობა“.