ბულგარეთის სახალხო მაფხიზლებელთა დღესოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში1st November – Day of the Bulgarian National Revival Leaders
ყოველი წლის 1 ნოემბერს ბულგარეთში სახალხო მაფხიზლებელთა დღე (Ден на народните будители) აღინიშნება. დღესასწაული ცნობილია, ასევე, აღორძინების ლიდერთა დღის სახელწოდებით.
მაფხიზლებლებს ბულგარეთში უწოდებენ ეროვნული და კულტურული აღორძინების აქტიურ წევრებს, რომლებიც იღვწოდნენ მე-19 საუკუნის დასაწყისსა და შუა წლებში, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ოსმალეთის უღელქვეშ იმყოფებოდა. ისინი მეტწილად უბრალო მასწავლებლები და სასულიერო პირები იყვნენ. თავიანთი აქტიურობითა და შემართებით მათ შეძლეს ბიძგი მიეცათ ეროვნული თვითშეგნებისთვის.
ამ დღესთან დაკავშირებით პლოვდივის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლეო პროტოხრისტოვამ წაიკითხა ლექცია თემაზე: “მითები პრომეთეზე და შავი ზღვისპირეთი”
(ურთიერთგანსხვავებული ვერსიები, პარადიგმების ცვლა), რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ვესელინ ვალკანოვი, საელჩოს წარმომადგენლები, სტუმრები ბულგარეთიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდნტები. დარბაზში შეკრებილთ მაფხიზლებელთა დღესასწაული მიულოცა სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბულგარეთის მრავალსაუკუნოვან თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს არაერთ სფეროში; იმ თანადგომას, რომელსაც ბულგარეთი გამოხატავს საქართველოსადმი პოლიტიკურ სარბიელზე, კულტურულ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ შორის წლიდან წლამდე ფართოვდება. რექტორმა მადლობა გადაუხადა ელჩს მეგობრული თანადგომისთვის და ჩვენს უმაღლეს სასწავლებელთან აქტიური თანამშრომლობისთვის.
თავის მხრივ, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა სსუ-ის რექტორსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და ბულგარეთის ამ მეტად მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნისთვის.
ღონისძიებას უძღვებოდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ინდირა ძაგანია.