ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” 2024: „GIFT Biennale college“, კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” ფარგლებში საქართველოს დედაქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

წლევანდელი, რიგით 27-ე ფესტივალის ფარგლებში, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭრით იმართება, ამოქმედდა ვენეციის ბიენალეს ახალგაზრდული პროგრამის ანალოგი პროექტი „GIFT Biennale college“, რომელიც მოიცავს კონკურსს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის.

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო დაესწრო პროექტის პრეზენტაციას, რომელსაც ვენეციის ბიენალეს თეატრალური მიმართულების სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი და დრამატურგი ჯანი ფორტე და ფესტივალის საერთაშორისო დირექტორი მიქელე პანელა უძღვებოდნენ, ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კონკურსში გამარჯვებული პრემიას მიიღებს სახელოვნებო პროექტის განსახორციელებლად და უკვე ხორცშესხმულ პროექტს გაისად წარადგენს ფესტივალზე „საჩუქარი“, რომელიც შესანიშნავი სარბიელია ახალგაზრდა ავტორებს, მსახიობებსა და თეატრალურ რეჟისორებს შორის კულტურული გაცვლებისა და თანამშრომლობისთვის“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *