მალთაყვაში კანოესა და ნიჩბოსნობისბაზა გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ფოთში, მალთაყვაში, კანოესა და ნიჩბოსნობის ბაზა საზეიმოდ გაიხსნა. ბაზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე შალვა გოგოლაძემ და მთავრობის წევრებმა გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.
ბაზის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. შენობა სრულად აღიჭურვა სპორტული ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით. პროექტის ღირებულება შვიდ მილიონ ლარამდეა და მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს, მათ შორის არის 22 სასტუმროს ტიპის ნომერი, საუნა, გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო ოთახი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და აქვს ელექტროენერგიის დამოუკიდებელი კვების წყარო.
ქალაქ ფოთს ქართული ნიჩბოსნობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. XX საუკუნეში აქ ნიჩბოსნობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქალაქში მოსამზადებლად ჩადიოდნენ იმ დროის საუკეთესო სპორტსმენები. სწორედ ფოთიდან იყო ლეგენდარული ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ მალთაყვის აკვატორია მდიდარია წყლით, რაც საწყლოსნო სახეობების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფოთში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ზამთარში წყალი არ იყინება, რაც სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს, ზამთარშიც ივარჯიშონ. წლების განმავლობაში წყალთან ახლოს ბაზის არარსებობის გამო ნიჩბოსნებს ვარჯიშის პროცესში არაერთი პრობლემა ექმნებოდათ, სპორტსმენებს შორ მანძილზე უწევდათ ნავებისა და სპეციალური ეკიპირების ხელით ტარებაც, ბაზის გახსნის შემდეგ კი ეს პრობლემები აღმოიფხვრება.
2021 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ფოთში მდებარე მალთაყვის კანოესა და ნიჩბოსნობის ყოფილი ბაზის ტერიტორიას ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რის შემდეგაც ბაზის აღდგენა დაიგეგმა.
ამჟამად პერსპექტიული ახალგაზრდები, რომელთაც ხელშეწყობა სჭირდება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეში შეძლებენ ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწილეობას, ბაზა უმასპინძლებს უცხოელ სპორტსმენებსაც და ნიჩბოსნობასა და კანოეში საქართველოს დიდი სპორტული ტრადიციები სათანადოდ აღდგება. აღსანიშნავია, რომ მალთაყვის ბაზა საწყლოსნო სპორტის სხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
ბაზის გახსნის ღონისძიების ფარგლებში ნიჩბოსნებმა და აფროსნებმა საჩვენებელი გაცურვა გამართეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ფოთში ახლად გახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური ბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო, სპორტსმენებს შეხვდა და საჩვენებელ შეჯიბრს დაესწრო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
“ნიჩბოსნობის ბაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის უფრო მეტად განვითარებას. ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატებები ამ სფეროში და გვჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატება. ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩვენს წარმატებებს სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაჩნდა ეს იდეა და დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. მინდა, თეა წულუკიანს გადავუხადო მადლობა, ისევე, როგორც ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში”, – განაცხადა პრემიერმა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნიჩბოსნობის და კანოეს ბაზა სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო, სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს. პროექტის ბიუჯეტი 6 628 698 ლარია.