აღმოაჩინეთ ანტალია სანტა კლაუსის კვალდაკვალ
აღმოაჩინეთ ანტალია სანტა კლაუსის კვალდაკვალ ანტალია ყველასთვის ზღვასთან და ქვიშასთან ასოცირდება, თუმცა ზამთარშიც არანაკლებ პოპულარულია იგი ტურისტებისთვის. საინტერესოა, ვიზიტორებს რას სთავაზობს ანტალიის დემრეს რეგიონი, რომელიც სანტა კლაუსის დაბადების ადგილად ითვლება.
ლეგენდა სანტა-კლაუსის შესახებ
ლეგენდა წმინდა ნიკოლოზის, იგივე სანტა კლაუსის შესახებ ასობით წელიწადს მოიცავს. ის უკავშირდება ერთ სათნო და კეთილშობილ ბერს სახელად ნიკოლოზს. ცნობილია, რომ ნიკოლოზი დაიბადა ჩვ.წ მე-4 საუკუნეში ლიკიის ქალაქ პეტერაში. წმინდა ნიკოლოზი ბევრი ლეგენდის გმირი გახდა. გადმოცემის თანახმად მან მთლიანად გასცა მემკვიდრეობით მიღებული დიდძალი ქონება და ის მოგზაურობის დროს ღარიბებსა და ავადმყოფებს დაურიგა. არსებული ცნობით, იგი ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და ფარულად ტოვებდა საჩუქრებს ფანჯრებსა თუ საკვამურებში, ამიტომ წმინდა ნიკოლოზი ხალხმა გაიცნო როგორც ბავშვების, ვაჭრებისა და მეზღვაურების მფარველი.
უძველესი ქალაქი მირა
უძველესი ანტიკური ქალაქი მირა ყურადღებას იპყრობს თავისი ისტორიითა და ბუნებით, თუმცა მისი ამჟამინდელი მყარი რეპუტაცია, ცხადია, წმინდა ნიკოლოზის დამსახურებაცაა, რომელიც ქალაქ მირაში საეპისკოპოსო საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალების შემდეგ იგი დემრეში, მისი სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს და „წმინდანის“ წოდება მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის კედლებზე ქრისტიანული მხატვრობა და ნიკოლოზის მიერ შესრულებული ნამუშევრებია ასახული. მას ხშირად სტუმრობენ პილიგრიმები სალოცავად. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია 2000 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეყვანილი. იგი ითვლება ბიზანტიური არქიტექტურის მესამე ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ ნაგებობად აღმოსავლეთში. იქ ნახავთ მე-11-12 საუკუნეების ფრესკებსა და ნახატებს, რომლებიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია განახლებული სახით
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია აღიარებულია შუა აღმოსავლეთის რომაული პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშად. ეკლესია შუა საუკუნეებში იერუსალიმში ხმელთაშუა ზღვის მარშრუტით მიმავალი ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი ლოცვის ადგილი იყო და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სავარაუდო სიაშია 2000 წლიდან. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება. თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ეკლესიაში დაასრულა სარესტავრაციო სამუშაოები და დღეს იგი სულ სხვა სახით ხვდება მსოფლიოს.
აღსანიშნავია, რომ ეკლესიაში განთავსებულია რომაული პერიოდის სარკოფაგი, შემკული თევზის ქერცლებითა და აკანტუსის ფოთლებით, რომელიც, სავარაუდოდ, წმინდა ნიკოლოზის ეკუთვნის. ანტალიის მუზეუმში ასევე წმინდა ნიკოლოზის ძვლებია განთავსებული. მირას უძველესი ქალაქიდან შეგიძლიათ ჩახვიდეთ ანდრიაკეში, მირას უძველეს პორტში, რომელიც სავსეა სამარხებითა და უძველესი ნანგრევებით. ანდრიაკეს მრავალი ნამუშევარი ასევე გამოფენილია ლიკიის მუზეუმში.