23 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
შემაჯამებელი ანგარიში ასახავს 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე თბილისში ჩატარებული შეკრებების და მანიფესტაციების მონიტორინგისას დოკუმენტირებულ უფლებადარღვევებს, მთავარ გამოწვევებსა და მიგნებებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა თბილისში გამართულ 15 აქციას, რომელთაგანაც 8 შეეხებოდა პროტესტს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. ანგარიში ეხება ისეთ უფლებადარღვევებს და პრობლემებს, როგორიცაა: აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და რიგ შემთხვევებში წამება, აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოყენება, აქციის ფასილიტაციის პროცესში საპოლიციო ძალების არაპროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციებზე მყოფი არაიდენტიფიცირებული პოლიციელები, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ დევნა პოლიტიკური ნიშნით და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის – „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://www.hrc.ge/722/geo/