დაცული ტერიტორიების სისტემა საქართველოში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოტურიზმის განვითარება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, დაცული ტერიტორიების სისტემა საქართველოში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება.
დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება
2024 წელს, 15 310 ჰა-ზე შეიქმნა კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – გურიის ეროვნული პარკი; მომზადდა რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოების კანონპროექტი. აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა და შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით.
2024 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 927 751 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია. საქართველოში, IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით, 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 15 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 25 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორია. 2024 წლის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად მიმდინარეობდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით. 10-წლიანი (2020-2029 წწ.) გეგმის შესაბამისად, შერჩეულ საკვანძო სახეობებზე გრძელდება მაღალი სამეცნიერო ღირებულების კვლევა-მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, საქართველოსთან ერთად, დაიწყო ახალი უპრეცედენტო პროექტი, რომელიც თბილისის ეროვნულ პარკში ირმის პოპულაციის აღდგენას ითვალისწინებს. ირმის პოპულაციის აღდგენის პროექტი ალგეთის ეროვნულ პარკშიც დაიწყო, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ველური ბუნების სააგენტოსთან ერთად. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით მიმდინარეობს ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტი. 2024 წელს ქურციკების რაოდენობამ 450 ინდივიდს გადააჭარბა. აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიმდინარეობს „იმერული მუხის“ გაშენების პროექტი, 6 ჰექტარ ფართობზე; 9 დაცულ ტერიტორიაზე მოხდა მდინარეების დათევზიანება, ჯამში, დაახლოებით, 400 000 ნაკადულის კალმახის ქვირითით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 24-ვე ტერიტორიულ ადმინისტრაციაში ხორციელდებოდა პატრულირება რეინჯერების მიერ; SMART პატრულირებისა და მონიტორინგის თანამედროვე მეთოდით პატრულირება და მონიტორინგი დაინერგა 11 დაცულ ტერიტორიაზე; დაცულ ტერიტორიებზე გამოვლინდა 223 სამართალდარღვევის ფაქტი, მათ შორის, 222 ადმინისტრაციული, 1 – სისხლის სამართლის. ხანძრებთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით, 2024 წელს, ყველა ადმინისტრაცია დამატებით აღიჭურვა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით.
ეკოტურიზმი
ეკოტურიზმი ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურეკონომიკური სარგებლის მიღებაში. 2024 წელს დასრულდა, ჯამში, დაახლოებით 680 კმ სიგრძის ეკოტურისტული ბილიკების ქსელისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაცია; 6 დაცულ ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურისტულ ინფრასტრუქტურას (ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა, ხიდები, ნავმისადგომი და სხვ.); აშენდა 23 ახალი ტურისტული თავშესაფარი, თანმდევი ინფრასტრუქტურით. თბილისის ეროვნულ პარკში დაიწყო უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული პროექტი, რომელიც გულისმობს ვიზიტორთა ცენტრის და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მანამდე არ არსებობდა და რომელიც მეტად შეუწყობს ხელს ეროვნულ პარკში ვიზიტორების ზრდას და მათ უსაფრთხო და კომფორტულ მოგზაურობას. მუშაობა დაიწყო კიდევ 6 ვიზიტორთა ცენტრის პროექტირება-მშენებლობაზე; დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას – 2024 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 104 428 ვიზიტორი ესტუმრა.
აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა მეშვეობით, დღეისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგრანტო პროექტების ღირებულება, უპრეცედენტო, ას მილიონ ლარზე მეტს აღწევს და ჯამში 20 პროექტს მოიცავს. ძირითადი პარტნიორები: KfW, CNF, შვედეთის მთავრობა, bp. გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, 4 დაცულ ტერიტორიაზე ადგილობრივი თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური (FPA) კომპონენტი განხორციელდა. გაიცა დაახლოებით 150 000 ლარის ოდენობის გრანტი. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ ფარგლებში, განხორციელდა სააგენტოს სტრატეგიული დოკუმენტაციების შემუშავება, სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, აღჭურვილობის შესყიდვა და სხვა. დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში: საუდის არაბეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი; ასევე, სააგენტომ ორგანიზება გაუწია ჩინეთის ტურისტული და მედია კომპანიების სამუშაო ვიზიტს დაცულ ტერიტორიებზე.