ირანის ელჩი საქართველოში: ირანსა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები ეფუძნება ღრმა კულტურულ, საზოგადოებრივ, რელიგრ და ცივილიზაციურ კავშირებს

გთავაზობთ ინტერვიუს ირანის ისლამურ რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ბატონ მაჰმუდ ადიბთან!ირან

საქართველოს ისტორიული და კულტურული ურთიერთობები შორეულ წარსულში იღებს დასაბამს. რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამ კავშირებს ორი ქვეყნის დღევანდელ ურთიერთობაზე?

ირანის ისლამურ რესპუბლიკას და საქართველოს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობანი ეფუძნება ღრმა კულტურულ, საზოგადოებრივ, რელიგიურ და ცივილიზაციურ კავშირებს. ეს საზოგადოებრივი და კულტურული ინტერესები კარგადაა ასახული კულტურის და ცივილიზაციის მრავალ ძეგლში, რომელიც ასწლეულთა და ათასწლეულთა შემდეგაც თვალსაჩინოა.ქვეყნებს შორის ხალხთა ურთიერთობების განმტკიცებამ, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებით და ასევე კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერების გზით, შესაძლოა ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის ხელი შეუწყოს ერთმანეთის უკეთ გაცნობას. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გარდა, სამეცნიერო ურთიერთობებს, საერთო თეატრალური და კინო ფესტივალების და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს ორმხრივი ისტორიული და კულტურული ურთიერთობები. ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.კონკრეტულად რომელი დარგი წარმოადგენს ირან-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობათა საკვანძო სფეროს.

რა გზით შეუძლია ორივე ქვეყანას, რომ სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებით სარგებელი მიიღოს? გასული ერთი წლის მანძილზე ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში წინსვლა თუ ყოფილა?

ირან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საკვანძო სფეროს ამჟამად ვაჭრობა, გადაზიდვა, ტრანზიტი და ტურიზმი წარმოადგენს. ამჟამად, ირანი წარმოადგენს საქართველოს სამშენებლო სექტორისთვის სამშენებლო მასალების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმწოდებელს. თავის მხრივ, საქართველოდან ირანში ექსპორტზე გადის ხის მასალები და შოკოლადი.2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა. თუმცა, ორი ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში შეგვიძლია გვქონდეს უფრო დიდი ზრდის მოლოდინი, რომელიც ორივე ხალხის ინტერესებს შეესაბამება.ამჟამად ამერიკის ცალმხრივი სანქციები, ირან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. სანქციების მოხსნის შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა, სხვა ალტერნატიულ გზებთან ერთად, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების მოხერხებულ მარშრუტად გადაიქცეს.ირან-საქართველოს ურთიერთობათა ერთ-ერთ აქტიურ სფეროს ტურიზმი წარმოადგენს. გასულ წელს საქართველოში იმოგზაურა 126 ათასზე მეტმა ირანელმა ტურისტმა.ირანსა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, მაგალითად სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტირების სფეროში, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ. საქართველოს — ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის, სტრატეგიული მდებარეობა, აძლიერებს ირანის, როგორც რეგიონული სავაჭრო ცენტრის როლს. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები და განვიხილოთ სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიები და განახლებადი ენერგიები. ამ ურთიერთობათა განმტკიცება ორივე ქვეყანას მოუტანს ახალ შესაძლებლობებს და ორმხრივ ეკონომიკურ წინსვლას.

ირანი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და ბუნების გასაოცარი პეიზაჟებით. როგორ გესახებათ ირან-საქართველოს თანამშრომლობა ხალხთა შორის ურთიერთობის და ტურიზმის განვითარების მხრივ?

ორ ქვეყანას შეუძლია, წარმატებული ქვეყნების მაგალითზე, ტურიზმის სფეროში, ამ მიმართულების განვითარების მიზნით, საერთო სტრატეგია წარმოადგინოს. ამ მიმართულებით, იურიდიული საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც ისედაც აქვს ისტორიული საფუძვლები, შესაძლოა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი იყოს.

ირანის 27 ისტორიული ძეგლი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. გარდა ამისა, ეს ქვეყანა ცნობილია ბუნების შეუდარებელი პეიზაჟებით და ბრწყინვალე კულტურით. შესაბამისად, ირანი ტურისტებისთვის ძალზე მიმზიდველი ქვეყანაა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ისპაჰანის რეგიონში მცხოვრები ქართული წარმოშობის ირანელების გაცნობა, ქართველი ტურისტებისთვის შესაძლოა განსაკუთრებით მიმზიდველი იყოს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ტურიზმი ხალხთა შორის ურთიერთგაგებისთვის ძლიერი ინსტრუმენტია. ამჟამად ქართველ ტურისტებს შეუძლიათ ირანში უვიზოდ 45 დღის მანძილზე მოგზაურობა.ირანის ისლამური რესპუბლიკა, დიდი მეცნიერული და კვლევითი წინსვლის გათვალისწინებით, ახლო აღმოსავლეთში სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთ ცენტრადაა ქცეული. ამდენად, საქართველოდანაც ბევრს შეუძლია ირანის ისლამური რესპუბლიკის სამედიცინო ცენტრებში, ბევრად ხელსაყრელ ფასად მიიღოს ჯანდაცვის მომსახურება. გარდა ამისა, პირდაპირი ფრენების კიდევ უფრო დამატებით და კულტურულ ღონისძიებათა მეშვეობით, შეგვიძლია ქართველები ირანში მოგზაურობით დავაინტერესოთ, ისევე როგორც პირიქით. ეს ყოველივე არა მხოლოდ ტურიზმს წაახალისებს, არამედ ორი ქვეყნის ხალხთა შორის კავშირებს გაამყარებს.

სამწუხაროდ, ირანის შესახებ საერთაშორისო მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. როგორ აპირებთ ქართველი მსმენელის და მკითხველისთვის აღმოფხვრათ ის არასწორი შეხედულებები, რომელიც ვრცელდება ირანის შესახებ?

ერთ-ერთი ქმედითი გზა, რომლითაც შეგვიძლია დავუპირისპირდეთ პროპაგანდის მომწამლავ ნაკადს, სწორედ ტურიზმის განვითარება და ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთობებისთვის ხელის შეწყობაა. ამ მიმართულებით, საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობას ირანში და ირანის საზოგადოების და კულტურის ახლოდან გაცნობას შეუძლია გააქარწყლოს დასავლური მედიასაშუალებების სიცრუით გაჯერებული პროპაგანდა.

ირანი კულტურულად მრავალფეროვანი, მდიდარი ისტორიის და ლამაზი ბუნების მქონე, სტუმართმოყვარე ქვეყანაა. თუმცა ზოგიერთი საერთაშორისო მედია ცდილობს, რომ მხოლოდ უარყოფითი მხარეები წარმოაჩინოს, ჩვენ ქართველებს მოვუწოდებთ, აღმოაჩინონ ნამდვილი ირანი. ჩვენ კულტურული ურთიერთობების, მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის და გულწრფელი დიალოგის გზით ვცდილობთ, მსოფლიოს წარმოვუდგინოთ ირანის ნამდვილი სახე.

როგორ გესახებათ ირან-საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პერსპექტივის რეალობას ქცევისთვის?

ორ ქვეყანას შეუძლია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების გამოყენებით სხვადასხვა სფეროში, ორმხრივი ურთიერთობების გასააქტიურებლად, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და პოლიტიკურ სფეროებში ქმედითი ნაბიჯები გადადგას. უეჭველია, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ურთიერთობებში აუთვისებელი პოტენციალი არსებობს. შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ თანამშრომლობის საერთო სფეროებში ურთიერთსასარგებლო ინტერესები გამოავლინონ და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით, აქტიური ნაბიჯები გადადგან. ცხადია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობათა განვითარება, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების და, ასევე, დიდი ქვეყნების მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული უსამართლო სანქციების კონტექსტის გათვალისწინებითაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით, ორ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყნის მთავრობისგან საჭირო გარანტიების მოპოვების, ორივე ქვეყნის ვალუტაზე საქონლის გაცვლის და ბარტერის გზით, განავითაროს ეკონომიკური ურთიერთობები.ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, მიუხედავად, ათწლეულების მანძილზე, თავს მოხვეული უსამართლო სანქციებისა, შეძლო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო, კულტურულ და ინოვაციების სფეროებში თვალსაჩინო წარმატებისთვის მიეღწია და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი მეცნიერული და ეკონომიკური მიღწევები მოიპოვა. საკუთარ ძალებზე დაყრდნობა და შიდა რესურსების გამოყენება იქცა სხვადასხვა მიმართულებებში ირანის ისლამური რესპუბლიკის დიდი წარმატების მიზეზად. ამდენად, ორ ქვეყანას შეუძლია, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტულ სამართლებრივ ჩარჩოებში, ისე რომ შეხება არ ჰქონდეთ საერთაშორისო სანქციებთან, განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები. ასეთ მიდგომებს ირანის ისლამურ რესპუბლიკა რეგიონის არაერთ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის შანხაისა და ბრიქსთან იყენებს. ამ მიდგომების სასიკეთო გავლენა თვალშისაცემია. ამდენად, ცხადია, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებას ნათელი პერსპექტივები გააჩნია. მხოლოდ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, საერთაშორისი ზეწოლისადმი ყურადღების არმიქცევას, ურთიერთობების განვითარების მკაფიო ნების გამოვლენასთან ერთად, შეუძლია ძალზე პოზიტიური პერსპექტივა გადაუშალოს ორი ქვეყნის ხალხებს და ეკონომიკური, საზოგადოებრივი და კულტურული სფეროს მოღვაწეებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *