იტალიური დიზაინის დღე, რომელიც წელს მეცხრედ აღინიშნება

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეცხრედ ტარდება, იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, 10 მარტს ქ. ქუთაისში გამართავს იტალიური დიზაინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.წლევანდელი ღონისძიების თემა “Inequalities. Design for a better life” („უთანასწორობანი. დიზაინი უკეთესი ცხოვრებისთვის“) ეხმიანება მილანის ტრიენალეს XXIV საერთაშორისო ექსპოზიციის თემას “Inequalities. How to mend the fractures of humanity” და მისი მიზანია, გამოკვეთოს დიზაინის მნიშვნელობა უთანასწორობისა და ადამიანთა კეთილდღეობაზე მისი გავლენის შემცირებაში.იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა საქართველოში დაიწყება ღონისძიებით, რომელიც გაიმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მას არქიტექტურისა და დიზაინის დარგების თვალსაჩინო ფიგურები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებას იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა გახსნიან.ღონისძიების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის პირველი საბაკალავრო (Bachelor) პროგრამის – დიზაინის წარდგენა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველეს საჯარო უმაღლესი სასწავლებლის, ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ღონისძიება გაგრძელდება ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მატეო ვერჩელონის ლექციით “Conscious Design: Poetic Expressions and Suggestions of the Italian Project”. ღონისძიების დასასრულს გამოცხადდება მარანგონის ინსტიტუტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ორგანიზებული კონკურსი „Italy Meets Georgia: a Fusion of Aesthetics and Innovation” ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერებისთვის, რომელიც წელს უკვე მეორედ ჩატარდება. კონკურსში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მოდისა და დიზაინის კურსებზე მარანგონის ინსტიტუტში, რომელიც ამ დარგებში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური უმაღლესი სასწავლებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *