კიოგენის დემონსტრაცია და ბალეტის რეპეტიცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
3 აპრილს, იაპონიის საელჩომ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის თანაორგანიზებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა კიოგენის დემონსტრაცია-მასტერკლასი და ბალეტის რეპეტიცია. Ღონისძიება ტარდებოდა „იაპონიის კვირეული საქართველოში 2025-ის“ ფარგლებში. Ამჟამად სტოკჰოლმში მოღვაწე მსახიობმა, ქალბატონმა კომაკი იუმ, ბალეტის მოცეკვავეებს ერთ-ერთი იაპონური ტრადიციული ხელოვნება, კიოგენი წარუდგინა.
კიოგენი კომიკური ჟანრის დამოუკიდებელ დადგმებს ეწოდება, რომელიც ორ ნოს სპექტაკლს შორის იმართება და წარმოიშვა მე-14 საუკუნეში. კიოგენი გამოირჩევა თავისი ცოცხალი, გაზვიადებული სტილით და ადამიანური ბუნების სატირული წარდგენით. ნო და კიოგენი 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას შეემატა და ზოგიერთი მსახიობი იაპონიის ცოცხალ ეროვნულ საგანძურად არის აღიარებული.
ბალეტის სოლისტების, მასააკი გოტოს და მარიამ ელოშვილის მიერ შესრულებული „სერენადის“ რეპეტიციის შემდეგ, იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი და ქალბატონი ნინა ანანიაშვილი ერთად დაესწრნენ კიოგენის დემონსტრაციას.
ქალბატონმა კომაკიმ აუდიტორიის წევრებისთვის, მათ შორის ელჩი იშიძუკასთვის და ბალეტის ანსამბლის სხვა წევრებისთვის, შეასრულა კიოგენის ერთ-ერთი ცეკვა „კომაი“.
Მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს ბალეტის ანსამბლის წევრებმა და ქალბატონი კომაკის ხელმძღვანელობით, იაპონური მარაოს მეშვეობით შეასრულეს “კომაი” ცეკვა.
ჩვენი საელჩო აპრილში, როდესაც საკურა ყვავილობით გამოირჩევა, „იაპონიის კვირეული საქართველოში 2025“ სახელწოდებით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას მართავს.