იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა
იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და თბილისის საუცხოო ხედით განთქმულ ისტორიულ რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართული საზეიმო ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრა.
ღონისძიება, რომელსაც ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში მცხოვრები იტალიელები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა.“იტალიასა და საქართველოს, ჩვენს ხალხებს შორის კავშირები ძალიან ღრმაა, რასაც ის წვლილიც ადასტურებს, რომელიც იტალიაში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაში შეაქვთ (ამ წვლილმა 2024 წელს 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მშპ-ს თითქმის 2%-ია).
შესანიშნავია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კულტურისა და განათლების დარგებში.
ამის ბოლოდროინდელი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული მედიცინისა და დიზაინის ფაკულტეტები, რომლებიც ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივად გაიხსნა. სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოსთვის იტალია, ევროპულ დონეზე რიგით მე-2, ხოლო მსოფლიო დონეზე მე-11 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახლდათ. პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით, იტალიას და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც მყარია დღევანდელ არასტაბილურობითა და დაძაბულობით გამორჩეულ გლობალურ და რეგიონულ კონტექსტში“, – თქვა ელჩმა დ’ანტუონომ – „იტალია, როგორც მეგობარი ქვეყანა, აგრძელებს საქართველოსთან გულწრფელი და კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობის მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში. როგორც ახლახან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელიმ აღნიშნა, ვისურვებთ, რომ საქართველომ მალე დაიწყოს თავისი ევროპული გზის ეტაპი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებთან“.
იტალიისა და საქართველოს ჰიმნები იტალიისა და საქართველოს ჰიმნები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ იმღერა, ჯაზ-კომპოზიციები კი ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა შესანიშნავმა იტალიელმა აკორდეონისტებმა, სარა კალვანელიმ და სიმონე ძანკინიმ შეასრულეს. სტუმრებს იტალიური დიზაინერული ნაკეთობები (ავეჯი, მრავალფეროვანი აქსესუარები და იტალიის სიამაყედ ქცეული Alfa Romeo-ს ავტომობილები), სახელგანთქმული ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი, კამპარი და საუკეთესო იტალიური ღვინოები) და იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი დელიკატესები დახვდათ.იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით გაიმართა, მადლობას ვუხდით მათ!