საუკეთესო „წყალქვეშა თავგადასავლები“ თურქეთში
მოგეხსენებათ, თურქეთი ცნობილია საზღვაო დასვენებით. ის საინტერესოა არამხოლოდ საკუთარი სანაპიროებით, არამედ ამ სანაპიროებთან არსებული გამჭვირვალე, კამკამა წყლებითაც. აქ წყალქვეშა სამყარო მრავალფეროვანია – მარჯნები, თევზები, ზღვის კუები, წყალმცენარეები და მრავალი სხვა. თურქეთის წყალქვეშა სამყაროში თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ომების შედეგად ჩაძირული გემებიც, რაც საოცარ ისტორიულ შინაარსს ჰმატებს მყვინთავთა თავგადასავლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, თურქეთი გთავაზობთ მრავალფეროვან და დაუვიწყარ წყალქვეშა “მოგზაურობას”.
ქაში
დაივინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ქაში – ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმდიდრესი ტურისტული რეგიონი, რომელიც არამარტო თურქეთში, არამედ მსოფლიოში 10 საუკეთესო სადაივინგო ადგილს შორისაა. იგი მყვინთავებს უნიკალურ გამოცდილებას აძლევს ენდემური სახეობების დასათვალიერებლად. თქვენ ასევე, შეძლებთ ნახოთ ზღვის სელაპები, კუები და ა.შ აღსანიშნავია, ძველად, ომების შედეგად ჩაძირული გემები , რომელთა ნახვაც დაივინგის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტვირთმზიდ გემს კანიონში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იტალიურ ბომბდამშენს და C-47 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავს (დაკოტა). წყლიდან ამოსვლის შემდეგ კი შეგიძლიათ ეწვიოთ უამრავ უძველეს ქალაქს, რომლებიც კარიული და ლიკიური ცივილიზაციების სამშობლოა და გაეცნოთ ცნობილ საფეხმავლო მარშრუტებს.
ფეთიე – ნამდვილი წყალქვეშა „სამოთხე“
ფეთიე (თურქეთი) – ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,მუღლაში ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების გადაკვეთაზე. ფეთიე „აღმოცენდა“ ულამაზესი ყურის სანაპიროზე, რომელიც გარშემორტყმული იყო მთის ფერდობებით, კედრებითა და ფიჭვებით. კურორტს თითქმის ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ უცხოელი ტურისტები. მისი მზარდი პოპულარობა უკავშირდება არა მხოლოდ მისი ხელუხლებელი ბუნების სილამაზეს, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც. ფეთიეში არის მოწყობილი ულამაზესი სადაივინგო ადგილები, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის “აკვარიუმის” ყურე (Aquarium Koyu), რომელიც ბოლო წლებში დაცულ ზონად გამოცხადდა. იგი გამოირჩევა წყალქვეშა მრავალფეროვნებით, სადაც უამრავი წყლის ცხოველები და მცენარეებია. ფეთიე ცნობილია ასევე ულამაზესი პეპლების ველით, სადაც 80-ზე მეტი პეპლის სახეობა არსებობს.
ბოდრუმი
ბოდრუმი კიდევ ერთი შეუცვლელი მარშრუტია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს თურქეთის “წყალქვეშა სიმდიდრე”. აქ ცხოვრობს მრავალი ცოცხალი არსება, როგორიცაა თევზი, რვაფეხა, ზღვის კუები, ასევე ნახავთ ფერად წყალმცენარეებს, ზღვის ბალახს და სხვ. ამასთან, რეგიონში არის 20 სადაივინგო წერტილი, სადაც ჩანს უამრავი ნანგრევი, რომლებიც არსებული ცნობით, უძველეს პერიოდს განეკუთვნება. აქ თბილი და სუფთა ზღვა, ასევე რბილი კლიმატი მშვენიერ პირობებს ქმნის მათთვის, ვინც წყლის სპორტით არის დაკავებული. წყალქვეშ ცურვის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივი რიფები, წყალქვეშ მდებარე გამოქვაბულები და ფერდობები შეისწავლონ. აქაც აღსანიშნავია ისტორიულ დროში ჩაძირული გემები, ასევე თურქეთის ყოფილი საზღვაო ძალების წყლის ტანკერი და სხვ.
საგულისხმოა, რომ ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ბარდაქჩის, ჰუმბეთის, ორთაქენდის, იალიზის, ქარაინჩირისა და ბაგლას სანაპიროები. თქვენს ყურადღებას განსაკუთრებით მიიქცევს გუმუსლუქის (Gumusluk), იალიქავაქისა (Yalikavak) და თურგუთ რეისის (Turgut reis) სანაპიროები.
უნდა აღინიშნოს ბოდრუმის მიშლენის ვარსკვლავების მქონე რესტორნებიც, სადაც შეგიძლიათ საოცარი თურქული კერძები დააგემოვნოთ. საბოლოოდ, ბოდრუმი შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის ერთ-ერთ ყველაზე საუცხოო ადგილად ითვლება, სადაც მოგზაურობა ნამდვილად ღირს.
ჩანაქქალე
ჩანაქქალე (Canakkale) – დასავლეთ თურქეთის პროვინცია, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით. აქ ნახავთ ისეთ შთამბეჭდავ ჩაძირულ გემებს, როგორიცაა 188 ტონიანი Lundy. მეორეს მხრივ, გალიპოლი, რომელიც ოდესღაც პირველი მსოფლიო ომის მთავარი ბრძოლის ველი იყო, ახლა კი ის ისტორიული წყალქვეშა პარკის სახლია. გალიპოლის ამ პარკში წარმოდგენილია 14 სხვადასხვა ჩაძირული გემი, რომლებიცაა SS Milo და HMS Majestic. ისინი დარდანელის სრუტის სხვადასხვა სიღრმეზეა მიმოფანტული. ასევე თქვენ ნახავთ ედრემითისა და ბეჯას ეროვნულ პარკებს, რომელთა სილამაზეც საოცრად აღგაფრთოვანებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, დაივინგის მოყვარულთათვის აქ მნიშვნელოვნად არის მოწყობილი ადგილები და ამ ულამაზეს ადგილში კულტურა, ისტორია და ბუნება ერთმანეთთან არის შერწყმული.